ლაშა ქოიავა 2008 წლის ომზე: რადგან არასამხედრო გეგმით დაიწყო მოქმედება, ვინაიდან, რაღაც მიმართულება ჩაბარდა არასამხედროებს სამართავად, იქ გასაგები იყო, რომ ომი უნდა წაგებულიყო

სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ომის ვეტერანმა, ლაშა ქოიავამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა და სახმელეთო ჯარების სარდალთა მისი დიალოგი გაიხსენა.

მისი განცხადებით, სახმელეთო ჯარების სარდალი ქოიავას პასუხზე მართალია გაბრაზდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც ზაზა გოგავამ დიღომში, მაღაზია „ბელუქსის“ ორ შენობას შორის არსებულ გორაკზე ჩაატარა თათბირი, სახმელეთო ჯარების სარდალი მის მიერ წინა თათბირზე გამოთქმულ მოსაზრებას დაეთანხმა.

„ცოტანი ვიყავით აფხაზეთის ომის გამოცდილების მქონე ოფიცრები, დევი ჭანკოტაძე იყო, მე ვიყავი და შეიძლება არც აღარავინ იყო. თათბირი რომ დასრულდა, მოვიდა ჩემთან, როგორც ვეტერანთან და გამოცდილ ადამიანთან სახმელეთო ჯარების სარდალი, რას იტყვიო. მე ვუპასუხე, ძალიან ძნელია სამი წაგებული ომის ვეტერანობა-მეთქი. ის დაიბნა, 92 წლის ცხინვალი, 92-93 წლის აფხაზეთი და მესამე რომელიო? მე ვუთხარი 2008 წლის ცხინვალი-მეთქი. მართალია გაბრაზდა, მაგრამ მერე, როდესაც გოგავამ დანიშნა თათბირი დიღომში, მაშინ არ იყო ამდენი ნაგებობა, ორ „ბელუქსს“ შორის გორაკი იყო და იქ ჩაგვიტარა თათბირი, რატომ არ ვიცი, იქვე იყო გენშტაბი და იქ ჩატარებულიყო – მაშინ მოვიდა და მითხრა, რას ნიშნავს გამოცდილებაო. იმ თათბირზე უკვე ცნობილი იყო, რადგან არასამხედრო გეგმით დაიწყო მოქმედება, ვინაიდან, რაღაც მიმართულება ჩაბარდა არასამხედროებს მართვაში, იქ გასაგები იყო, რომ ომი უნდა წაგებულიყო, მოცემულ შემთხვევაში – საბრძოლო მოქმედება. „ – განაცხადა ლაშა ქოიავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები