მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ბეათე მაინლ-რაიზინგერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ისე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვა მიმდინარე აქტუალური საკითხები.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დადებითად აფასებს ორი ქვეყნის დინამიკურ ურთიერთობებს. კერძოდ, ის კვლავაც განაგრძობს საქართველოს დახმარებას განვითარების პროგრამის ფარგლებში და თანხების გამოყოფას  ამ მიმართულებით.

განსაკუთრებით დადებითად შეფასდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ის ფაქტი, რომ საქართველოში არაერთი ავსტრიული კომპანია ოპერირებს. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

ავსტრიულმა მხარემ გამოხატა დაინტერესება საქართველოში მეტი ავსტრიული ინვესტიციის განხორციელებით ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და დაკავშირებადობის სფეროში. ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი.

მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და მისი გავლენა როგორც საქართველოზე, ისე მთლიანად ფართო რეგიონის ქვეყნებზე. ავსტრიის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს  ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნეს ავსტრიის მიერ საქართველოს მხარდაჭერა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და მთელ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე შემდგომი განვითარებისთვის.

ავსტრიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ კვლავაც დაადასტურა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი და განაცხადა, რომ მზადაა ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს  ამ გზაზე დიალოგის არსებობის მნიშვნელობას და შემდგომი კომუნიკაციისთვის მზადყოფნას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას მასპინძლობისთვის და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები