თორნიკე ჭეიშვილი: პოლიტიკოსის მანტია აბსოლუტურად არავის არ უნდა იცავდეს და არც იცავს იმისგან, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, თუკი არსებობს დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება, იქ სათანადო ახსნა-განმარტებების გაკეთება, პირიქით, პოლიტიკოსისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მან საკუთარ სიმართლეს ხაზი გაუსვას და წარმოაჩინოს საკუთარი თუნდაც უდანაშაულობა კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებით, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, თავად პოლიტიკოსის ამოცანა უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი ესაუბროს საზოგადოებას.
„უპირველესად სწორედ პოლიტიკოსის ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი ისაუბროს საზოგადოებასთან და მით უმეტეს, ისაუბროს მაშინ, როდესაც ის არის მართალი. ამ შემთხვევაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება, იქ სათანადო ახსნა-განმარტებების გაკეთება, პირიქით, პოლიტიკოსისთვის არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ მან საკუთარ სიმართლეს ხაზი გაუსვას და წარმოაჩინოს საკუთარი თუნდაც უდანაშაულობა კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებით. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს, ვხედავთ იმას, რომ ამ შემთხვევაში, თავი აარიდეს აბსოლუტურად იმ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვას, რომლებიც არიან გამწარებულები, არიან რეპრესირებულები 2003 -12 წლების „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა კონკრეტულად გუშინდელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კონკრეტული პირები თავად ჰყვებოდნენ იმის თაობაზე, თუ როგორ მონაწილეობდნენ ეს ადამიანები იმ სქემებში, რომელიც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავდა ბიზნესის რეკეტს და კონკრეტული ადამიანების გაუბედურებას აბსოლუტურად არაფრის გამო, იმის გამო, რომ მაშინდელ მაღალჩინოსნებს სურდათ ხელში ჩაეგდოთ ესა თუ ის ბიზნესი და ყოფილიყვნენ აბსოლუტური მონოპოლისტები.
ინდულგენცია, ამ შემთხვევაში, არ არის ის, რომ ვიღაც არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი. ჩვენ, ამ შემთხვევაში, ამოვდივართ იმ პრინციპიდან, რომელსაც ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და, მეორე მხრივ, პოლიტიკურადაც თუ შევაფასებთ, პოლიტიკოსის მანტია აბსოლუტურად არავის არ უნდა იცავდეს და არც იცავს იმისგან, რომ ის მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს მაშინ, თუკი არის დანაშაულებრივი ქმედების ნიშნები“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.