ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა ბესიკ დუნდუამ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა, ბესიკ დუნდუამ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „განტოლებების ამოხსნა სიმბოლურად და მისი როლი ხელოვნურ ინტელექტში“.

სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ ლექციაზე, პროფესორმა განიხილა ხელოვნური ინტელექტის სამი ძირითადი მიდგომა: სტატისტიკური, სიმბოლური და ჰიბრიდული, რომლებიც აერთიანებს სტატისტიკური და სიმბოლური მეთოდების უპირატესობას. ყურადღება გამახვილდა თითოეული მიდგომის კონცეფციასა და გამოყენებაზე როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონტექსტში. მოსწავლეებმა შეიმეცნეს განტოლებების სიმბოლურად ამოხსნის მეთოდი – პირველი რიგის ლოგიკაში, გააანალიზეს პრინციპები და მისი როლი ხელოვნური ინტელექტის განვითარების საქმეში. ასევე მოისმინეს, თუ როგორ გამოიყენება ეს მეთოდი ცოდნის წარმოდგენასა და დასკვნის გამოტანის პროცესში, რაც უმნიშვნელოვანესია ისეთი დისციპლინებისთვის, როგორებიცაა: ლოგიკური პროგრამირება, ავტომატური მტკიცებები და მათემატიკური მოდელირება.

შემეცნებით საჯარო ლექციას იმერეთის რეგიონის სკოლების, მე-9 – მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

„KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობის ხელშეწყობას. ასევე, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებას და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები