წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები გრძელდება.
ტერიტორიაზე, ფერდის სტაბილიზაციის მიზნით, უკვე მოწყობილია 836 ანკერი. აღნიშნული სამუშაოები უახლოესი დღეებში დასრულდება და ხიმინჯოვანი კედლის მშენებლობა დაიწყება. სულ მოეწყობა 56 ხიმინჯი.
მიმდინარე პროექტს თბილისის მერი -კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.
„წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გარკვეული მონაკვეთი დაძრული იყო, რაც გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, დავიწყეთ მისი გამაგრება. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეს იყო დატერასება, გრუნტის ზედმეტი მასის მოხსნა და ფერდის ჩამოწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს ანკერების მოწყობა. აქვე მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ძალიან მალე მოგვიწევს ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა, სამუშაოების ბოლო ეტაპის წარმოებისთვის. გზის პირას განთავსებული ბლოკები მოიხსნება და მოეწყობა ბეტონის კედელი. ვფიქრობთ, რომ პროექტი მაისის ბოლოს მთლიანად დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, წყნეთის გზატკეცილზე, დაახლოებით, 950 ანკერი, ფოლადის ბადე და ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარი დაიხარჯება.
ფერდის გამაგრების სამუშაოებს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, მაისის ბოლოს დასრულდება, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.