ჟვანიას სკოლამ „ნოვრუზ ბაირამი 2025“ აღნიშნა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, ნოვრუზ-ბაირამობისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში ჩაერთო.

სკოლის სტენდს ესტუმრნენ: საქართველოს პრეზიდენტი- მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დურგალი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

სსიპ-ის დირექტორმა, ქეთევან ჯაყელმა საპატიო სტუმრებს სახელმწიფო ენის თემატიკაზე შექმნილი, ექსკლუზიური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, რომლის მთავარი ატრიბუტი საკოლექციო ჰუდები იყო. კოლექცია „იცოდე სახელმწიფო ენის ისტორია” შეიქმნა ჟვანიას სკოლის უპრეცედენტო ციფრულ პროექტზე – “ქართული ანბანის 33 ასო” – დაყრდნობით. კოლექციის მიზანი ეთნიკურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და მის მიმართ ინტერესის გაღვივებაა; ასევე, ქართული ენის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, შენარჩუნება.

„ნოვრუზ ბაირამში” მონაწილე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბრენდირებული ნივთების გამოფენა და დაეგემოვნებინათ ჟვანიას სკოლის მიერ შეთავაზებული საკონდიტრო ნაწარმი.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ვიქტორინა, რომელიც საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიასა და ქართულ ლიტერატურას ეძღვნებოდა. მონაწილეებს საკუთარი ზოგადი განათლების დემონსტრაციისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ვიქტორინის ბოლოს გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ.

ამასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობებისთვის მოეწყო ინტერაქტიული აქტივობა – თამაში “შეადგინე სიტყვა” – რამაც ხელი შეუწყო მათი ლინგვისტური და კოგნიტური უნარების განვითარებას.

ჟვანიას სკოლის წარმომადგენლებმა, ქართული ენით დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამა დეტალურად გააცნეს და სასურველ კურსზე დაარეგისტრირეს.

ჟვანიას სკოლა მხარს უჭერს ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და ყველა მოქალაქის ინტეგრაციას, ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოქალაქეთა მეგობრულ და ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები