ექიმის ინფორმაციით, ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება
ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, საპროტესტო აქციების დროს დაშავებული ალექსანდრე თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„დღეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება შეინიშნება. კონტაქტში შემოდის, ბუნებრივია, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვცდილობთ, რომ არ გადავტვირთოთ ჩვენი შეკითხვებით. თუმცა ის ასრულებს გარკვეული ტიპის ბრძანებებს, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს, პერიოდულად მაინც აღენიშნება ფსიქომოტორული აღგზნებები, რაც არ გახლავთ გასაკვირი გადატანილი ტრავმის და ოპერაციის შემდგომ.
მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. პირველივე დღიდან უკეთდება თვალის მდგომარეობის შეფასება. რაც შეეხება მხედველობის ფუნქციის ზუსტ შეფასებას, ეს მოითხოვს გარკვეული ტიპის ინსტრუმენტულ კვლევებს, რომელიც ახლა ვერ მოხერხდება. ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით რეანიმაციულ განყოფილებაში ვერ ჩავატარებთ აღნიშნულ პროცედურებს. მთავარია ნევროლოგიური სტატუსი და ჯანმრთელობის სტაბილიზაცია, შემდგომ უკვე თვალის საკითხი გადაწყდება.
პაციენტი ჯერჯერობით რეანიმაციაში დარჩება, მისი მდგომარეობა არ არის იმ დონემდე მისული, რომ პალატაში გადავიყვანოთ. აქ გარკვეული ტიპის პლასტიკური და აღდგენითი ოპერაციაც გახლავთ ჩასატარებელი, რადგან დაბინძურებული იყო ღია ჭრილობა, რის გამოც პაციენტი მოხვდა ჩვენთან. ვერცერთ შემთხვევაში პირველივე ეტაპზე ვერ დასრულდებოდა ტრავმის ანულირებაც, პლასტიკური ოპერაცია და თავის ქალის მთლიანობის აღდგენა. ასე რომ, ხანგრძლივი პროცესია, ხანგრძლივი სამკურნალოა და სარეაბილიტაციო ღონისძიებები დასჭირდება“, – განაცხადა ჭელიძემ.