ირაკლი კირცხალია: ნაცმაიდანი ვერ შედგება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო – საქართველოს სახელმწიფო თავისი თითოეული ინსტიტუციით არის მოწოდების სიმაღლეზე
ნაცმაიდანი ვერ შედგება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო – საქართველოს სახელმწიფო არის თავისი თითოეული ინსტიტუციით მოწოდების სიმაღლეზე, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, აქცია, რომელიც უკვე 10 დღეზე მეტია რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, მილევად რეჟიმშია.
„საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა იმ რადიკალურ დაჯგუფებებს, რომლებმაც (დადასტურებულიც არის) რომ გაიარეს ტრენინგები, ეს ტრენინგებიც კარგად ახსოვს ხალხს – აკერმანის ფილოსოფია და სტრატეგიები, კანვასი გახსოვთ ყველას კარგად, ფრანკლინის წევრები და ა.შ. ნელ-ნელა მილევად რეჟიმშია აქცია. სამართალდამცველები კონკრეტულ მისამართებზე შევიდნენ, ვნახეთ რა ნივთიერებები, რა საშუალებები ამოიღეს. ყველამ ვნახეთ რამდენი პოლიციელია დაშავებული, დამწვრები, დაფლეთილები ამ ვითომ უწყინარი აქციით. ამათი უცხოელი ლობისტებისგან, აქ მოქმედი დიპლომატიური მისიებისგან ერთი განცხადება არ გაკეთებულა, როცა ჩვენი სამართალდამცველების ფოტოები ყველამ ნახა. სამართალდამცავი უწყებები მაქსიმალური სიფრთხილით და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოქმედებდნენ. ერთეული შემთხვევები იყო, რაც აღმაშფოთებელია და რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ყოველთვის უნდა დავგმოთ და დავინახოთ ის, რაც ხდებოდა მეორე მხარეს და რა მდგომარეობაშიც არიან ბიჭები. ვნახეთ სუსის განცხადებაც. მაქსიმალური პრევენცია ამ ყველაფრის, მაქსიმალური ინფორმირებაა საჭირო ჩვენი საზოგადოების თუ ვისთან აქვთ რეალურად საქმე. შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან. ეს ყველაფერი კი დაიწყო იქიდან, როდესაც არჩევნები პირწმინდად წააგეს. თავის ამომრჩეველს უთხრეს რომ 300 000 ხმა გაგვიყალბესო.
ამ ხალხის ქუჩაში გამოსვლის შემდეგ ვნახეთ მომზადებული წინა ფლანგი, ვნახეთ ოპოზიცია, რომელიც კულისებში გავიდა, სცენაც კი ვერ დადგეს. სამწუხაროდ გაუგებრობაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოყვა, რომელიც იმ ცრუ ილუზიაში იყო, რომელიც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ ბექიდან შესთავაზა. ჩვენ სრულიად დაუმსახურებლად ვიყავით შანტაჟის ქვეშ. მათივე მონაცემებით, საერთაშორისო კვლევების შედეგებით, ყველგან ლიდერია ჩვენი ქვეყანა. ამ დესტრუქციულმა ძალამ წერილი დაწერა არჩევნების მეორე დღეს და თავისი ქვეყნის დასანქცირება მოითხოვა, ევროპარლამენტის რეზოლუციას სრულიად ფასი რომ დაუკარგეს, რეზოლუციას რეზოლუციაზე რომ იღებდნენ და რა შინაარსი ჰქონდა, კარგად გვახსოვს, ამან მოიყვანა ის ცრუ აღქმები, რა აღქმების ქვეშაც მოექცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი“, – განაცხადა კირცხალიამ.