გიორგი ცუცქირიძე: გამოჩნდა, რომ ამ პროტესტს სიტყვის და სინდისის თავისუფლებასთან, მით უმეტეს ევროპულ არჩევანთან, საერთო აღარაფერი არ აქვს

“გუშინ ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის პერფორმანსი, მოგვაგონებდა არა გზას ევროპისკენ, არამედ საბჭოთა წითელი ტერორის პერიოდს, როდესაც ბოლშევიკები რელიგიის ამოსაძირკვად გუმბათებს ხდიდნენ და ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და წვავდნენ ხატებს”, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

ცუცქირიძე აღნიშნავს იმასაც, რომ ვანდალიზმში გადაზრდილი ეგზალტირებული ბრბოს ქუჩის ამბოხი, არსად ქვეყნის სასიკეთოდ არ დასრულებულა.

“გუშინ ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის პერფორმანსი, მოგვაგონებდა არა გზას ევროპისკენ, არამედ საბჭოთა წითელი ტერორის პერიოდს, როდესაც ბოლშევიკები რელიგიის ამოსაძირკვად გუმბათებს ხდიდნენ და ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და წვავდნენ ხატებს. როდესაც მომიტინგეებმა აირჩიეს პროტესტის ძალადობრივი ფორმა, უკვე ცხადი იყო თუ რა განვითარებასაც მიიღებდა პროცესები. გუშინაც გამოჩნდა, რომ ამ პროტესტს აღარაფერი საერთო არც სიტყვის და სინდისის თავისუფლებასთან, მით უმეტეს ევროპულ არჩევანთან არა აქვს და ვერც ექნებოდა, რადგან ვანდალიზმში გადაზრდილი ეგზალტირებული ბრბოს ქუჩის ამბოხი, არსად ქვეყნის სასიკეთოდ არ დასრულებულა”, – აღნიშნა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, სრული ბლეფი აღმოჩნდა სტუდენტი ახალგაზრდობის ვითომდა თვითორგანიზებადი შეფუთული გამოსვლებიც, პასუხისმგებლობა მთელ ამ პროცესებზე კი ეკისრება ნაცურ ოპოზიციას, თავიანთ გარე დამკვეთებთან ერთად, რომელიც რეალურად დგას ამ პროცესების უკან, ფინანსებითაც და პარტაქტივითაც.

“და რა დროც გავა, კიდევ უფრო მეტს გავიგებთ, თუ რა ძალები იდგნენ ქვეყნის წინააღმდეგ, ამ შეთქმულების უკან! ახალგაზრდობის ის მოტყუებული ნაწილი, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ჩართული აღმოჩნდა ამ კარგად შენიღბულ ავანტიურაში, იმედია მიხვდება თუ რა სახიფათო თამაშში აღმოჩნდნენ ჩათრეული. აქ არაფერს ვიტყვი გაფიცულ და ერთმანეთის წამხედვარე ე.წ. ხელოვნების მუშაკებზე თუ სხვადასხვა სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებზე, ასე ფინთი გოიმებივით, რომ წამოიკიდეს! მათაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ტოტალური ბულინგის ამ გზას მივყავართ არა უკეთეს მომავალში, არამედ გვაბრუნებს ბნელ წარსულში. ამ ბოლშევიზმთან თანაზიარ ლიბერალურ ფაშიზმზე, რომელიც თავის ბოლო კუდს იქნევს მსოფლიოში, იტყვის გალაკტიონი: “გზა იყო უდაბური, უსახო, უპირქუბო. მიჰქონდათ კიდევ კუბო… ყორნების საუბარი: დარეკე! დაუბარე!”, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები