შრომის ინსპექცია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება

შრომის ინსპექციის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს არ შეზღუდულა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მიმდინარე პროტესტის ფონზე, შრომის ინსპექციის სამსახურს თანამშრომლები ტოვებენ. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ არცერთი თანამშრომლის განცხადება, თუ სიტყვიერი მიმართვა, გათავისუფლების თაობაზე, შრომის ინსპექციის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოში არ შესულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამშრომელი, გათავისუფლების შესახებ დააფიქსირებს სურვილს, შრომის ინსპექციის სამსახური იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

აქვე აღვნიშნავთ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის არცერთი, მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლის უფლება და თავისუფლება არასდროს არ შეზღუდულა.

შრომის ინსპექციის სამსახური დგას ღირებულებებზე, სადაც ადამიანის უფლებები უზენაესია, შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისაგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები