რამდენიმე თვეა, მისმა ნამუშევრებმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად „მზეს-უმზირას“ გვერდზე ახალ-ახალი მიმზიდველი ხელნაკეთი სარკე თუ საათი ჩნდება.
ამბობს, რომ ხელნაკეთ ნივთებს მეუღლის დახმარებით ქმნის. ეს საქმე დიდ შრომას და ნებისყოფას მოითხოვს. მაგრამ სასიამოვნო შედეგი უფრო მეტ სტიმულს აძლევს. შეკვეთებთან ერთად ბევრი საავტორო ნამუშევარიც იქმნება. – მარიამ ივანიშვილის პერსონა.
– ბავშვობა ყველასათვის ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება. არც მე ვარ გამონაკლისი, საინტერესოდ დატვირთული ბავშვობა მქონდა, ვხატავდი, ვეწეოდი სხვადასხვა ხელსაქმეს, მიყვარდა ცხოველები, ბუნება და როგორც ყველა ბავშვს თამაში, ბევრი თამაში.
ასე მგონია, ხატვა და მე ერთად დავიბადეთ. არ მახსოვს, პირველად როდის დავიჭირე ხელში სახატავი ფანქარი. ვხატავდი ყველგან და ყველაფერზე, ეს ყველაფერი სხვა სამყაროში მოგზაურობას ჰგავდა, ვეთიშებოდი ყოველდღიურობას და ვიღებდი ზღვა სიამოვნებას.– რამდენიმე თვის წინ დაიწყეთ ხელნაკეთი სარკეების დამზადება… დაიბადა გვერდი „მზეს-უმზირა“…
– 10 თვეა, რაც ჰობი პროფესიად ვაქციე, იდეა ექსპრომტად დაიბადა, მინდოდა შემექმნა ფუნქციური ნივთი, რომელსაც დეკორატიულზე მეტი დატვირთვა ექნებოდა, ასე შეიქმნა „მზეს-უმზირა“.
ყოველი ნივთის მიღმა გათენებული ღამე, დიდი შრომა, ლიტრობით ყავა და დიდი სიყვარული დგას. ყველა ნივთს თავისი პატარა ისტორია ახლავს თან, რომელიც მისი შექმნის პროცესს ასახავს.
– სარკე, საათი, ხეზე შესრულებული ნახატი, ნაძვის ხის ხელნაკეთი სათამაშო… დიდი მოთხოვნა მაინც რაზეა?– ჩემი პირველი ნამუშევარი სარკე იყო, ყველაზე მეტი ნამუშევარი სწორედ სარკეა, შემდეგ დავამატე საათები, რომელიც ასევე წარმატებით იყიდება, თუმცა ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც არის სარკეებზე.
– ეს საქმე საკმაოდ შრომატევადია. მეუღლე გეხმარებათ, ფორმებს ის ჭრის. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში…
– ჩემი მეუღლე ყველანაირ ტექნიკურ მხარეს აგვარებს, საქმე ძალიან შრომატევადია და მისი დახმარების გარეშე ალბათ ვერ შევძლებდი. ეს ჩვენი საერთო საქმეა, რომელსაც სიამოვნებით ვემსახურებით.
– ახალი წელი მოდის. როგორ მზადდება შობის ანგელოზები, ნაძვის ხის სათამაშოები, რომ ისინი არ ჰგავდნენ სხვებს და განსხვავებული დიზაინი ჰქონდეთ?
– ახალი წლის პერიოდი ძალიან დატვირთულია, უამრავი სარკის და საათის შეკვეთაა. ყველაფერი დროში მკაცრად გაწერილია. ძალიან დიდი მოთხოვნაა ნაძვის ხის სათამაშოებზეც.
ჩემი წარმატების საიდუმლო, საქმის სიყვარულთან ერთად სწორედ ინდივიდუალიზმია, ვცდილობ ბევრი საავტორო ნამუშევრის შექმნას, თუმცა იმის გამო, რომ კერძო შეკვეთებზე ვმუშაობ, ხშირად მომხმარებლის მოთხოვნაზე ვარ სრულად დამოკიდებული.
– როგორი იქნება თქვენი ნაძვის ხე?
– ჩემი ნაძვის ხე ფერადი და ლამაზია, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს განსაკუთრებით უყვარს ნაძვის მორთვის პროცესი.
– ჰობი…
– ფოტოგრაფია, რომელსაც აუცილებლად შევისწავლი პროფესიულ დონეზე.
– სამომავლო გეგმები…
– ვგეგმავ ჩემი საქმიანობის გაფართოებას, ვფიქრობ, კადრის აყვანასაც. ნამუშევრებს მალე დაემატება სანათების ულამაზესი კოლექციაც.
თამარ შაიშმელაშვილი