შალვა პაპუაშვილი: ვისურვებდი ევროკავშირის ელჩი დაკავებული იყოს იმით, რომ დააკვირდეს ევროკავშირის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ ერევიან პოლიტიკაში, ნაცვლად ამისა, ბოლო პერიოდში გართულია ქართული პოეზიით

ვისურვებდი ევროკავშირის ელჩი მეტად იყოს დაკავებული იმით, რომ დააკვირდეს ევროკავშირის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ ერევიან პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ევროკავშირის ელჩის განცხადებებზე, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება მთავრობის მოქმედებებს დააბრალა და ფიქრობს თუ არა, რომ ზღვარი წაიშალა დიპლომატიურ განცხადებებსა და ფრთხილ პოზიციას შორის, რომელიც წესით დიპლომატებს ახასიათებთ და დიპლომატები ოპონირების რეჟიმში გადავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„უცხოელი აქტორების განცხადებების ტონალობა და რაც უფრო დამტვრეული ხდება ხოლმე ზოგიერთი უცხოელი აქტორის ქართული, უფრო გასაგები ხდება, რა სავალალო მდგომარეობაშია ოპოზიცია. ჩვენ ვაკვირდებით არჩევნებს, რომელიც არის უპრეცედენტო საგარეო ჩარევით, რომელიც წესით მიუღებელი უნდა იყოს ქვეყნისთვის, რომელიც პატივს სცემს ევროპულ ღირებულებებს. სულ ცოტა ხნის წინ იყო არჩევნები მოლდოვაში და ვნახეთ უცხო ქვეყნის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვაში შეიმჩნეოდა ჩარევა. იგულისხმებოდა რუსეთი. ის, რასაც ედავებიან რუსეთს მოლდოვაში, ასეთივე საქციელს როდესაც ვხედავთ ევროპელი და ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან საქართველოში, რა არის ეს, თუ არა ფარისევლობა?! რაც შეეხება ინტეგრაციის პროცესს, ეს გარკვეული ქედმაღლური განცხადებებიც, რომელიც გვესმის საქართველოსთან მიმართებით, ერთ რამეს აჩვენებს, რომ ხანდახან ზოგიერთს ჩვენ ამ ინტეგრაციაში მხოლოდ ობიექტად მივაჩნივართ, რომელიც უნდა შეიწოვოს რომელიღაცა ორგანიზაციამ. არადა ჩვენ ხომ ამას გვეუბნებიან, მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთო?!

თუ მოლაპარაკებებზეა საუბარი, იქ როგორ შეიძლება უყურო ქვეყანას, როგორც ობიექტს, რომელმაც მხოლოდ მითითებები უნდა შეასრულოს. გვეუბნებიან ხოლმე ზოგიერთი უცხოელი კოლეგა და განსაკუთრებით [ევროკავშირის] ახალი წევრები, რომ თქვენ ასე ნუ უყურებთ მოლაპარაკების პროცესს, სინამდვილეში რასაც გეტყვიან, ის უნდა შეასრულოთო. ყველა ქვეყანას თავისი გზა აქვს. ზოგიერთი შეიძლება ასეა მიჩვეული, რომ რასაც ეტყვიან, ის უნდა შეასრულოს. ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებები გვაქვს. ასეთი ინსტრუქციებით საქართველო არ მოქმედებდა არასდროს, მათ შორის, როდესაც ჩვენი ნების გარეშე ვიყავით ამა თუ იმ გაერთიანებაში, იქაც ვცდილობდით, საკუთარი პოზიციები წარმოგვედგინა. ვისურვებდი ევროკავშირის ელჩი მეტად იყოს დაკავებული იმით, რომ დააკვირდეს ევროკავშირის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები როგორ ერევიან პოლიტიკაში. ჩვენ ვნახეთ 20 ოქტომბრის შეკრება, რომელიც იყო ჩვეულებრივი წინასაარჩევნო, სააგიტაციო შეკრება, რომელიც ორგანიზებული იყო რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, დიდი ალბათობით, უცხოური ფულით. რა არის ეს, თუ არა ჩარევა, მათ შორის საარჩევნო კამპანიის დაფინანსება უცხოური ფულით?! ნაცვლად იმისა, ევროკავშირის ელჩისგან ვხედავდეთ ამ საკითხით დაინტერესებას, ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში გართულია ქართული პოეზიით და პოეზიას ციტირებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები