„სიყვარული ერთადერთია, რომ ხარჯავ და ბევრდება“ – ნათია ხადურის წერის საბადო და გამარჯვება ამერიკულ პროექტში

მათემატიკოსი, დიპლომატი, მწერალი და პოეტი… დაიბადა და გაიზარდა გორის რაიონის სოფელში. წერას აქტიური სახე მხოლოდ ბოლო წლებში მისცა. სამი რომანის („გაპატიე“, „იერუსალიმამდე“, „ჯარისკაცის საგზალი“) და თითქმის ორი ასეული ლექსის ავტორია. ორ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ დატოვა საქართველო და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა.
თავდაპირველად მხოლოდ ქართული კულტურის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობდა და თან ემზადებოდა ამერიკული მკითხველის წინაშე წარსადგომად. პირველი მცდელობისთანავე გაიმარჯვა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ წიგნის საერთაშორისო კონკურსში, რასაც მოჰყვა სხვადასხვა მაღალი კლასის კონკურსში გამარჯვება. მალე ინგლისურად გამოიცემა პოეზიის კრებული  –  „და შენ ვერ მეტყვი, რატომ აღარ უნდა მიყვარდე“.  კრებული თარგმნა მზია კვირიკაშვილი-ლოურენსმა.
„მიყვარს ღმერთი და მივყვები მისი სიტყვის თანახმა ცხოვრებას. ეს ყველაფერი ერთად კი ბედნიერსა და კმაყოფილებით სავსეს ხდის ყოველ დღეს უცხო მიწაზე“. – ნათია ხადურის პერსონა.
– ბავშვობაში თუ წერდით?
– დავიბადე და გავიზარდე გორის ულამაზეს სოფელ ქვეშში. ბავშვობა ყველა ადამიანის ცხოვრების უტკბილესი ხანაა, მაგრამ ჩემთვის ის კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო. რადგან ძალიან კარგად ვსწავლობდი, ვმონაწილეობდი ყველა საგანმანათლებლო პროექტში, ფიზიკურ აქტივობებსა თუ ყველა მაშინდელ კულტურულ ღონისძიებაში, რაც სკოლებს ხელეწიფებოდა. ეს ყველაფერი ყოველი დღის აზრიანად ჩავლას განაპირობებდა. დიახ, ვწერდი ლექსებს და არ ვამბობდი, რომ ვწერდი.
–  მათემატიკოსი და დიპლომატი – რატომ აირჩიეთ ეს პროფესიები?
– მათემატიკა ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი საგანი იყო და მესმოდა კიდეც. თითქმის დაუფიქრებლად შემეძლო მათემატიკური სირთულეების ამოხსნა. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე 32 წლის ასაკში ჩავირიცხე. მხიბლავდა საქმიანი ურთიერთობების კლასიფიცირებულად დალაგება. ერთი სიტყვით, ძალიან მხიბლავდა ეს პროფესია.
დაახლოებით ორი წლის წინ დატოვეთ საქართველო და ცხოვრობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში…
– უკვე ორი წელი და ექვსი თვეა, რაც საქართველო დავტოვე. მქონდა ჩემი შემოქმედებითი გეგმა, რომელსაც ფინანსურად უფრო ძლიერი ვჭირდებოდი.
–  ორ წელიწადში  სამი რომანი და თითქმის ორი ასეული ლექსი დაწერეთ, ანუ გამოდის, რომ ამერიკაში დაიწყეთ წერა… სამი რომანი ორ წელიწადში საკმაოდ სერიოზული განაცხადია.
– წერა საქართველოში დავიწყე და ამერიკაში რომ ჩამოვედი, სამივე რომანი დაწერილი მქონდა. აქ ყოფნის პერიოდში დიდი დრო დაეთმო საემიგრაციო საკითხებსა და  სამუშაოს. წერის დრო კი გამოვიყენე ასევე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. მაგალითად, ვესწრებოდი თითქმის ყველა ქართულ ღონისძიებას,   ასევე, ჩატარდა ჩემი პოეზიის პერსონალური ორი საღამო. საერთოდ არ ვწერ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან მეოთხე რომანი თითქმის დაწერილია და ლექსებსაც ვწერ ნებისმიერ მოცემულობაში. ჩემს სამივე რომანს აერთიანებს სიყვარულისა და ურთიერთობების დაფასება-გაფრთხილება-საჭიროება.
ახლაც დავწერ ერთ კვირაში ერთ რომანს, სრულად თავისუფალი ერთი კვირა რომ მქონდეს.  ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის წერის ის საბადო ჩემში, რომელიც ჩემი ცხოვრების ოთხი ათეული წელი გროვდებოდა და ინახებოდა. ახლა უბრალოდ მივყვები და ვწერ. არაფერია განსაკუთრებული.
– თქვენი ნაწერები ითარგმნა ინგლისურად. ამერიკაში გამართულ წიგნის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეთ….
– ჩემი სამივე რომანი და პოეზია ითარგმნა ლონდონში და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ჩვენს ძვირფას თანამემამულეს – მზია კვირიკაშვილ-ლოურენსს. რაც შეეხება ამერიკულ პროექტებს, ეს ნიუ-იორკის კონკურსი არ ყოფილა. სწორედ ახლა, 2 ნოემბერს არიზონას დედაქალაქ ფენიქსში გაიმართება „წიგნის საერთაშორისო გალა დაჯილდოება“. რაღა თქმა უნდა, დიდი სიხარულით მივემგზავრები. მაქვს კიდევ რამდენიმე გამარჯვება ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამერიკულ პროექტებში და ამაზე გზადაგზა გიამბობთ. აღნიშნულ პროექტში კი დავარეგისტრირე ჩემი მესამე რომანი „ჯარისკაცის საგზალი“ და გახარებული ვარ!
– როგორ მიიღო ამერიკელმა მკითხველმა თქვენი შემოქმედება?
– ჩემს შემოქმედებას ამერიკაში ჯერ დიდი პუბლიკა არ იცნობს. თუმცა, იმის თქმა შემიძლია, რომ სპეციალისტების შეფასებები ჩემთვის აბსოლუტური აღფრთოვანებისა და სიხარულის მომნიჭებელია. შემიძლია გაგიზიაროთ მათი შეფასებები და თავად იგრძნობთ,  რას შეიძლება ვგრძნობდე მე.
– შთაგონება?…
– ცალკე აღებული, შთაგონება არ მაქვს. ვწერ ყველა იმ განცდაზე, რომლებიც შეადგენს ჩვენს ცხოვრებას და ღრმა კვალს ტოვებს ადამიანის გულსა და გონებაში.
– პოეზია და პროზა – და მაინც, პროზაიკოსი ხართ თუ პოეტი?
– ამას მკითხველი იტყვის ყველაზე სამართლიანად, მაგრამ კადნიერად ვიტყვი, რომ პროზაიკოსი.
– ერთი ლექსი…

– ჩემს ძვირფას მეგობარს….

მე შენი წასვლა, თითქმის სამჯერ გადავარჩინე,
შენ, როგორც პეტრემ შეიცხადა სამჯერ მესია,
გათენებამდე ვერ მიტანილ ღამის ნაფიცზე,
უარყო ის ვინც, მთელ სხეულშიც ვერ დაეტია.

წახვედი, თითქოს არაფერი გრჩებოდი ზურგთან,
დაკარგულია სამუდამოდ, ერთხელ წასული,
გაგიშვი, რადგან აღარ ვომობ საკუთარ სულთან,
გაგიშვი, რადგან სამუდამოდ გერქვას წარსული.

და ვიცი ზუსტად,
ვიცი ხვალე,
ვგრძნობ ხვალის იქით,
როგორ აგტკივა ხერხემალში ჩემი მალები,
მჯერა, ოდესმე სულ ცოტა ხნით მოხვალ და ისევ,
მაშინდელივით შუშის ხიდთან დამემალები.

იერუსალიმს სხვანაირი სჭირდა ლაჟვარდიც,
რომ ღმერთი იდგა ჩემს წინაშე შენი თვალებით,
ეს იყო მძიმე აღსარებაც, ცოდვაც, გამოცდაც,
ჩემივე სულის ტკივილებით  გარდაცვალების.

ვდარდობ, რომ მევე დავივიწყე ჩემი გოლგოთა,
ღმერთს რომ გარქმევდი, ტკივილებზეც უნდა მეფიქრა,
შენს გამო ყველა აკრძალვაზე ფეხით ვიარე,
რომ მერე ჩემი შეცდომები გამომესყიდა,

მას მერე ღმერთო,  დახეთქილი დამაქვს მუხლები,
ახლაც მიელავს დაცემისგან კოჭები ტერფთან,
და გეფიცები სულ არაფერს არ ვნანობ მაინც,
შენს წილ ცოდვასაც დავიბრალებ, რომ მივალ ღმერთან.

ახლა მეც წავალ, სულ სხვა გზები მელოდებიან,
ვწუხვარ, რომ მეტი ერთგულება ვეღარ შევძელი,
შენ არა!..
ჩემი ნახელავი მეამაყება,
სულგატანჯული,
ნაგმობი
და
მაინც შედევრი!!!

–  წელიწადის საყვარელი დრო… თუ მოქმედებს ამინდი წერის დროს?
–  შემიძლია ყველა დროს მოვუნახო ხიბლი და მიყვარდეს, მაგრამ გაზაფხული და შემოდგომა უფრო მეტად ავსახე ჩემს ნაწერებშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი გრძნობა მაქვს მათდამი. აპრილი და ოქტომბერი…
– ბედნიერება…
– ბედნიერება არის ღმერთის გაცნობა და მისი სიტყვის თანახმად ცხოვრება. სულ მეგონა, რომ ღმერთი მიყვარდა, მაგრამ როდესაც ბიბლიის კვლევა ჩემი თვალითა და გულით დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში სულაც არ ვიცნობდი ღმერთს. სხვანაირად ძალიან რთულია უსამართლობასთან გამკლავება.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– რომ არ შემიძლია ამის გაკეთება, ამიტომაც არ ვფიქრობ ამაზე. ადამიანურ ძალას, რაც არ აღემატება, ეს არის გულწრფელად შევიყვაროთ ერთმანეთი, სიცოცხლე და ვცდილობ, გავცე ბევრი სიყვარული. „სიყვარული ერთადერთია, რომ ხარჯავ და ბევრდება“…
– ჰობი?
– მუსიკის მოსმენა. მუსიკის დაწერაც შემიძლია. შესაძლოა, გავაკეთო კიდეც მომავალში. ახლა საამისო გარემო არ მაქვს.
– ოჯახი… შვილები…
– მყავს ორი ვაჟი. რეზო და ვალერი, რომლებიც არიან ჩემი მეგობრები და საყრდენი-მამოძრავებელი ძალა.
– სამომავლო გეგმები…
– ძალიან ბევრი საქმე მაქვს ერთი გეგმის ქვეშ გაერთიანებული. სცენარის წერას ვიწყებ ფილმისთვის და საცხოვრებლად გადავდივარ ლოს-ანჯელესში. ეს გეგმა ბევრი მდგენელისგან არის ნაწარმოები და შემდეგში აუცილებლად გიამბობთ. ვიდრე ფაქტი არ მაქვს ხოლმე, არ მიყვარს საუბარი.
ძალიან ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ, დღეს ნათქვამი, ხვალ შესაძლოა, რადიკალურად შეიცვალოს. ვგეგმავ სხვადასხვა ჟანრის წერას. ვგეგმავ ბევრ მოგზაურობას. ვგეგმავ ბევრ ამერიკულ პროექტში მონაწილეობას და ბევრი სიკეთის კეთებას ღმერთის იმედით.

                                                                                                                               თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები