ირაკლი ქარსელაძე: რიკოთზე გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია

რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა და საერთო ჯამში, ტრანსპორტი ისარგებლებს რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის 48 კმ-ით, რომელიც 8 კმ-ით ამცირებს გადაადგილების მანძილს და სულ მცირე ანახევრებს მგზავრობის დროს. კერძოდ კი, რიკოთის მონაკვეთის გავლას მხოლოდ 35 წუთი დასჭირდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ  რიკოთის მაგისტრალური გზის დამატებით 12 კმ-იანი მონაკვეთის ავტოტრანსპორტისთვის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობა 4 მონაკვეთზე პარალელურად მიმდინარეობდა. ამჟამად, ავტოტრანსპორტისთვის სრულად იქნება გახსნილი 3 მონაკვეთი (ხევი-უბისა, უბისა-შორაპანი, შორაპანი-არგვეთა) და პირველი (ჩუმათელეთი-ხევის) 11 კმ-იანი მონაკვეთის 7 კმ.

რიკოთის ყველა ახალი მონაკვეთი აშენებულია საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და უმაღლესი სტანდარტის მისაღწევად უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით.

ქარსელაძის განცხადებით, გრძელდება ინტენსიური სამუშაოები ჩუმეთელეთი-ხევის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის  პროექტის ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთია, როგორც საინჟინრო-გეოლოგიური, ისე მშენებლობის ორგანიზების თვალსაზრისით, რადგან სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ არსებული გზის მიმდებარედ ხორციელდება.

„დასკვნით ეტაპზეა ფერდების სტაბილიზაციის სამუშაოები, მათ შორის, 149-ე კმ-ზე მდებარე გამომწვევ ფერდზე, სადაც უდიდესი მასშტაბის სამუშაოები ახლაც გრძელდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება გზის მშენებლობა. წლის ბოლომდე დასრულდება გზის ვაკისის მოწყობა და კლიმატური პირობების შესაბამისად, ყველა ტექნოლოგიური პარამეტრისა და მოთხოვნის აუცილებელი დაცვით, დაიგება გზის საფარი. გზის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ კი, დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, საერთო ჯამში, ავტოტრანსპორტისთვის გახსნილი 48 კმ-ით უკვე ვსარგებლობთ რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 93%-ით, სამუშაოების პროგრესი კი 98%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები