მოლდოვაში აშშ-ის საელჩო: რუსეთმა მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედებისთვის მილიონობით დოლარი გამოყო

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოსკოვმა მილიონობით დოლარი გამოყო მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედებისთვის. ჩვენი შეფასებით, ეს თანხები მოხმარდა მისთვის სასურველი პარტიების დაფინანსებას და სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებას, მათი კამპანიების სასარგებლოდ,- ამის შესახებ ნათქვამია მოლდოვაში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს, მოლდოვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს საპრეზიდენტო არჩევნებისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის წინ ძირი გამოუთხაროს.

საელჩოს განცხადების თანახმად, ცნობილი რუსული გავლენის მოთამაშე, ილან შორი თვეში ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებდა არაკომერციულ ორგანიზაციებში, რომლებიც ნარატივებს არჩევნების შესახებ რუსეთის ინტერესების შესაბამისად ავრცელებენ.

“აშშ-ის და მოლდოვის მთავრობები ერთობლივად მუშაობდნენ რუსეთის გავლენის მცდელობების გამოსავლენად და მონაწილეებზე სანქციების დასაწესებლად. ჩვენ ვიღებთ მთელ რიგ ზომებს ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად. შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლდოვისა და მოლდაველი ხალხის მხარდაჭერას და გამოააშკარავებს და დაუპირისპირდება რუსეთის მცდელობებს მოლდოვის დემოკრატიის ძირის გამოთხრის მიზნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები