თორნიკე მოლაშვილი: “სამართალდამცველებს მოვუწოდებ – თითოეული ადამიანი, ვინც გამოდის და “ნაციონალურ მოძრაობას” რეკლამირებას უკეთებს, მხარს უჭერს, შემოწმებული და პასუხისგებაში მიცემული უნდა იყოს”

“პიროვნება, რომელიც გამოდის და “ნაციონალურ მოძრაობას” რეკლამირებას უკეთებს, მხარს უჭერს სამართალდამცველებს მოვუწოდებ, რომ თითოეული ასეთი ადამიანი შემოწმებული, გადამოწმებული და პასუხისგებაში მიცემული უნდა იყოს. რადგან ასეთი პიროვნება “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულია ან კრიმინალით, ან ფულით, ან უბრალოდ ავადაა, ზოგი ფანატიკოსია” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებულმა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალური პარტიაა.

,,კრიმინალურ პარტიაზე გვაქვს საუბარი. კარგად მოგეხსენებათ, რა აქვთ ჩადენილი. პარტია რომ უნდა გასამართლდეს, ამას პოლიტპატიმრები 2013 წელს მოვითხოვდით. მარტო პოლიტიკური პარტიის გასამართლება, პარტიის აკრძალვა არაფერს მოგვცემს. ადამიანებმა, რომლებმაც იციან, კრიმინალი ვინ არის და მიუხედავად ამისა, ახალისებენ და ხმას აძლევენ, თავის წილი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. “ქართული ოცნება”, როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და უნდა გავასამართლოთ, არავითარ შემთხვევაში, მარტო პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, ხალხი, ვინც დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს, თითოეულმა მათგანმა პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს. ეს სისხლის სამართლის საქმე იქნება, თუ ადმინისტრაციული – სასამართლო, იურისტები დასხდნენ და განიხილონ. გასაგებია, რომ ადამიანს ხმის მიცემის გამო ვერ გაასამართლებ, მაგრამ მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა იგრძნოს.
ჯაფარიძე, ხაზარაძე, მელია, გვარამია ავიღოთ, ესენი სხვა პარტიაა? მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” არაა? ვერცერთი ვერ მოვა, მაგრამ წარმოვიდგინოთ, ღმერთმა დაიფაროს, საქართველოში მოხდა ისე, რომ რომელიღაც პოლიტიკური პარტია მოვიდა, როგორ ფიქრობთ, “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში არ იქნება ? “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამ ხალხს დაუთმობენ, შანსს მისცემენ ხელისუფლებაში იყვნენ? ეს ხომ წარმოუდგენელია. ესენი მზად არიან, სისხლი დაღვარონ. სისხლის დაღვრის გარეშე ისინი ხელისუფლებას ვერ შეცვლიან. აპირებენ, ამას მისცენ ხმა, სექტაზე მაქვს საუბარი, 3 000 კაცია, მაქსიმუმ 5 000 ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” თვალებდახუჭული პოლიტიკურ საფლავში მიჰყვება. თითოეულმა მოქალაქემ, სანამ საარჩევნო ყუთთან მივა, სანამ ხმას მისცემს, კეთილი ინებოს და დაფიქრდეს, ვის და რას აძლევს ხმას. თითოეულ ადამიანს, ვინც ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” და მის განშტოებას მისცემს, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მორალურ პასუხისმგებლობას ვერცერთი გაექცევა, იურიდიულ პასუხისმგებლობაზე მაქვს საუბარი. იციან, რომ კრიმინალები არიან, მიდიან და ხმას აძლევენ. ეს დანაშაულის წახალისებაა, ხმას აძლევ ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კრიმინალი უნდა ჩაიდინოს.
საქართველოში ვისაც გაგიხარდებათ, იმას მისცემთ ხმას. ხმის მიცემის გამო არ უნდა გასამართლდნენ. პიროვნება, რომელიც გამოდის და “ნაციონალურ მოძრაობას” რეკლამირებას უკეთებს, მხარს უჭერს სამართალდამცველებს მოვუწოდებ, რომ თითოეული ასეთი ადამიანი შემოწმებული, გადამოწმებული და პასუხისგებაში მიცემული უნდა იყოს. რადგან ასეთი პიროვნება “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულია ან კრიმინალით, ან ფულით, ან უბრალოდ ავადაა, ზოგი ფანატიკოსია” – განაცხადა მოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები