ნინო თანდილაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მოსამზადებელ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქ. ბაქოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მოსამზადებელ მინისტერიალში (Pre-COP 29) მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო COP 29-ზე პროგრესის მისაღწევად მაღალი დონის პოლიტიკური გადაჭრის გზების იდენტიფიცირება პარიზის შეთანხმებიდან გამომდინარე დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციის (COP 29) მთავარი თემა ფინანსური რესურსების მობილიზების ამბიციური გეგმის განსაზღვრა იქნება, რომლის თანახმად, განვითარებული ქვეყნები განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების განსახორციელებლად გამოუყოფენ.

ნინო თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენციისთვის ქვეყნის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად გლობალურ დონეზე ფინანსების მობილიზების მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მხედველობაშია მისაღები, რომ საჯარო ფინანსები იქნება არსებითი არა მხოლოდ შერბილებისთვის, არამედ ადაპტაციის ღონისძიებებისა და კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზიანისა და ზარალის საკომპენსაციოდ, ადგილობრივი მოსახლეობისა და საჯარო სექტორისთვის.

„საქართველოში ჩვენ ვაღიარებთ საზოგადოებაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მოწყვლად რეგიონებში. შესაბამისად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ადაპტაციის კუთხით არსებული ინიციატივების მიმართ გაზრდილ მხარდაჭერას, მათ შორის, დაფინანსებას და ტექნოლოგიების გადაცემას, რათა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და თემებმა შეძლონ ეფექტიანად უპასუხონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრას 40-ზე მეტი ქვეყნის მინისტრი და მაღალი დონის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყო ევროკომისარი კლიმატის საკითხებში. აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 29-ე კონფერენცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარდება.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები