თურქეთში “3+3” ფორმატის შეხვედრა გაიმართება – საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს

სამხრეთ კავკასიის შესახებ რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის, “3+3-ის” მესამე შეხვედრა 18 ოქტომბერს სტამბოლში გაიმართება,- ამის შესახებ  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

როგორც რადიო თავისუფლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, საქართველო მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ფორმატი „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროებში.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ არ აპირებდა ამ პლატფორმაში მონაწილეობას.

ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე კი – 2023 წელს თეირანში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ადრე განაცხადა, რომ “3+3” ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწინ განაცხადეს, რომ რუსეთთან რაიმე სახის ერთობლივ ფორმატზე საუბარი ვერ იქნება, სანამ მოსკოვს ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები