“ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან ნათია ცირეკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას გამოითხოვს, განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ სად შეიძლება, პაციენტის მკურნალობა გაგრძელდეს”

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი, 25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს შეხვდა.

მინისტრმა ჯანდაცვის უწყების კომპეტენციის ფარგლებში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო პაციენტის შემდგომი რეაბილიტაციისა და ექსპერტიზის საკითხებს კონტროლზე აიყვანს.

“ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ შესაბამის დოკუმენტებს გამოითხოვს. ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, თუ სად შეიძლება, პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია გაგრძელდეს. თუ პანდემია შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ სამომავლოდ იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ რომელ კლინიკაში გააგრძელებს პაციენტი მკურნალობს. მზად ვართ, რომ ყველა იმ საექსპერტო ჯგუფის მობილიზება მოვახდინოთ, რომელიც ექსპერტიზას ჩაატარებს”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე – თამარ გაბუნია და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, – კახაბერ შალიკაძე ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო – 100 ათასი ლარი, ხოლო და ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ. ამასთან, უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. მაგდა ხოჭოლავა დაკავებული არ არის, ის იტალიაში იმყოფება.

პროკურატურისვე ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს. პროკურატურისვე ინფორმაციით, ექიმების მიერ გამოვლენილი უყურადღებობისა და დაშვებული შეცდომების გამო პაციენტის მდგომარეობა გართულდა და იგი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები