ლევან ნიკოლეიშვილი: დიდი ხანია ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვთავისუფლდეთ იმ შანტაჟისგან, რასაც ჰქვია ევროკავშირში, გნებავთ ნატოში ვითომდა ჩვენი გაწევრიანება – ეს არის ტყუილი და ფარსი
“დიდი ხანია ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვთავისუფლდეთ იმ შანტაჟისგან, რასაც ჰქვია ევროკავშირში, გნებავთ ნატოში ვითომდა ჩვენი გაწევრიანება”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
როგორც ლევან ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, ეს იყო საკმაოდ დროული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება ერთი უბრალო მიზეზიდან გამომდინარე.
„დიდი ხანია ვსაუბრობთ იმის თაობაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ უნდა განვთავისუფლდეთ იმ შანტაჟისგან, რასაც ჰქვია ევროკავშირში, გნებავთ ნატოში ვითომდა ჩვენი გაწევრიანება. ეს არის ტყუილი და ფარსი. ჩვენ ამას გვპირდებიან და ეს არ არის პირველი ქვეყანა. ძალიან ბევრი ქვეყანა ვიცით, რომ დიდი ხანია კანდიდატის სტატუსი აქვთ და ათას მიზეზს უძებნიან იმისათვის, რომ არ გააწევრიანონ. სინამდვილეში, თავს ახვევენ სხვადასხვა თავიანთ ღირებულებებს, არარსებული რეფორმების გატარებას და ა.შ. და ა.შ.
მოდით ასე ვთქვათ, რომ ჩვენ ყველაზე ადრე მივხვდით იმას, თუ რა ხაფანგი დაგვიგეს ვითომდა გაწევრიანების მოტივით და სინამდვილეში სულ სხვა რაღაცებია ჩადებული. ეს სულ სხვა რაღაცები რომ არის ჩადებული, აგერ არის თვალნათელი მაგალითი რუსთაველის გამზირზე. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე დიდი რაოდენობაა ხალხისა გამოსული, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ევროკავშირის ამ რაღაც პოლიტიკურ ელიტას, დაჯგუფებას, ვიტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ ეგუებიან ლიბერალური ფაშიზმის დამარცხებას მსოფლიოში, მაინც სურთ, რომ რაღაცნაირად ააგორონ და წასვლის წინ კარები გამოიჯახუნონ ცოტა სხვანაირად“, – აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.