სოზარ სუბარი: ჩვენი დღევანდელი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო

პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი რადიკალების ქმედებებს ეხმიანება.

„ეს არის სასოწარკვეთილებაში, აგონიაში მყოფი რადიკალების კონვულსიები, რადგან რა განცხადებებიც კეთდებოდა ევროპარლამენტიდან თუ ქვეყანაში მყოფი ელჩების მხრიდან, ეს იყო მცდელობა მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფილიყო ქართული სახელმწიფო”- აღნიშნა სოზარ სუბარმა და განმარტა, რომ უცხო ძალების ინტერესი მათი იმ აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანა იყო, რომელიც დღეს აქციებს ხელმძღვანელობს.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების” განცხადებით რადიკალებსა და მათ პატრონებს იარაღი გამოეცალათ და სწორედ ამიტომ არიან სასოწარკვეთილებაში. სოზარ სუბარმა განმარტა, რომ აქციაზე მდგომი ბევრი ახალგაზრდა შეცდომაშია შეყვანილი და მათ არასწორად გაიგეს პროცესები.

“დღევანდელი ჩვენი განცხადებით რადიკალებს, მათ პატრონებს და მათ პრეზიდენტად წოდებულს გამოეცალათ ხელიდან იარაღი, რომ მუდმივად აჯანჯღარონ ქართული სახელმწიფო, მუდმივად ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ამყოფონ ქართული საზოგადოება, ამიტომ არიან სასოწარკვეთაში და ამიტომ მიდიან მაქსიმალურ პროვოკაციებზე.

ახლა პირდაპირ ეთერში მთელი საქართველო ადევნებს თვალს პოლიციებზე თავდასხმებს და საერთოდ კანონის დარღვევის არაერთ ფაქტს. ეს არის სასოწარკვეთილებაში, აგონიაში მყოფი რადიკალების კონვულსიები, რადგან მთლიანობაში რა განცხადებებიც კეთდებოდა ევროპარლამენტიდან, რა განცხადებებიც კეთდებოდა ცალკეული ევროპარლამენტარებისა თუ ქვეყანაში მყოფი ელჩების მხრიდან, ეს იყო მცდელობა მუდმივად სტრესის ქვეშ ყოფილიყო ქართული სახელმწიფო. სურდათ მიეღწიათ მიზნისთვის და მათი მიზანი იყო მოეყვანათ საქართველოს ხელისუფლებაში მათი აგენტურა, რომელიც დღეს ქუჩის აქციებს ხელმძღვანელობს. ნამდვილად არ ვიკადრებ, რომ ყველა იქ მყოფი ახალგაზრდა აგენტებად მივიჩნიო, უბრალოდ, ზოგი მართლა მათი მიმდევარია და ზოგი შეცდომაში არის შეყვანილი, არასწორად გაიგეს პროცესები და აი, ამის გამო აქვთ დღეს ასეთი სასოწარკვეთილი მცდელობები,”- აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები