გივი მიქანაძე – ზურაბიშვილს სულ რამდენიმე კვირა დარჩენია თავისი მანდატის ამოწურვამდე და აქვს მცდელობა, ბოლომდე შემოიტანის რადიკალიზმი, დაძაბულობა და იმოქმედოს დავალებების შესაბამისად
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის თითოეული ნაბიჯი ამ ქვეყნის წინსვლისა და ქვეყნის მომავლის საწინააღმდეგოდ არის გადადგმული.
მიქანაძის თქმით, ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გავიდა იმ ჩარჩოებიდან, რასაც პრეზიდენტის მანდატი ჰქვია, გახდა რადიკალების ლიდერი და აქვს მცდელობა, რადიკალების მაკოორდინირებელი როლი შეასრულოს.
„ნათლად დავინახეთ, განსაკუთრებით მიმდინარე წელს და ყველაზე მეტად დავინახეთ წინასაარჩევნო პერიოდში, რა მცდელობები ჰქონდა მას. აღარ ვსაუბრობ, კონსტიტუცია რამდენჯერ უხეშად დაარღვია და როდესაც ეს ადამიანი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, რაღაც მოწოდებას აძლევს, სერიოზულ კონტექსტშიც არ ჯდება. მოქმედებს კანონმდებლობის და კონსტიტუციის წინააღმდეგ, ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ, მისი ეს პოზიციონირება კიდევ ერთხელ გამოწვეულია იმით, რომ უფრო დაძაბოს სიტუაცია, შექმნას რაღაც კერა. ამიტომ ამ ადამიანს, რომელსაც სულ რამდენიმე კვირა დარჩენია თავისი მანდატის ამოწურვამდე, აქვს მცდელობა, ბოლომდე შემოიტანოს რადიკალიზმი, დაძაბულობა და იმოქმედოს არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ იმ კონტექსტში, რაც მას ნაკარნახევი აქვს, რა დავალებებიც მიღებული აქვს და რაც პირდაპირ, ერთი ერთში არის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამყარება და დღის წესრიგით მოქმედება. ამიტომ ასეთი ადამიანისგან გაკეთებული განცხადებები, მაშინ, როცა პოლიცია იცავს საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიცია მაქსიმალურად მობილიზებულია მხოლოდ იმისთვის, რომ მშვიდობა და საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული, ამ კონტექსტში მისი მოწოდება აბსოლუტურად არაადეკვატურია, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება და ემსახურება ერთადერთს, რომ კონკრეტული ადამიანების თვალში, კონკრეტულ სიტუაციაში თავისი რადიკალიზმი შეიტანოს და გაამწვავოს სიტუაცია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქართველი ხალხის პრეზიდენტს, ის დიდი ხანია, ამ სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ატარებს.
„რეალურად, მან ქართულ საზოგადოებას თავისი საქმიანობით დიდი შეურაცხყოფა მიაყენა და საზოგადოების წინააღმდეგ მოქმედებს ბოლო პერიოდში, რაც ყველასთვის ცხადია. როცა არჩევნების ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის შენი ქვეყნის საზოგადოება და შენ უცხოელ წარმომადგენლებს ეუბნები არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს, ეს კიდევ ერთხელ არის აღიარება, რომ ის მოქმედებს არა საქართველოს ინტერესებით, არა ქართველ ხალხთან მიმართებით, არამედ ის არის გარედან მართული და ზუსტად იმ ადამიანებს და იმ ძალებს მიმართავს, რომლებთანაც მას აკავშირებს პირდაპირი კონტაქტი. რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი ნაბიჯი, მით უმეტეს, ე.წ. პრეზიდენტის მხრიდან“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძე ამბობს, რომ საქართველოს ელჩებთან მიმართებით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა არაერთი მცდელობა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, როცა ელჩებს ღიად და საჯაროდ მოუწოდებდა, სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ ემოქმედათ.
„მას არ გამოუვიდა ეს პოლიტიკა, ახლა აქვს მორიგი მცდელობა. იცის, რომ სულ რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი თავისი სტატუსის კონტექსტში, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობს, ყველა დღე, ყველა წუთი გამოიყენოს სიტუაციის დასაძაბად, შეიტანოს გარკვეული მაპროვოცირებელი ელემენტები, მაგრამ ჩვენი საზოგადოება არის ძალიან ბრძენი, საზოგადოების პოლიტიკური კულტურა და ზოგადად საზოგადოება ამ პროცესებთან მიმართებით ძალიან გაიზარდა. კარგად არჩევს შავსა და თეთრს, ვინ დგას მშვიდობის და კეთილდღეობის მხარეს და ვინ დგას ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების მხარეს. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებებს არანაირი ფასი არ აქვს, ამ ადამიანის იმიჯი ქართულ საზოგადოებაში არის შელახული და მის მიმართ, გარდა რადიკალებისა, არანაირი რაიმე სახის განწყობა არ არსებობს. იმ რადიკალებსაც ეს ადამიანი, ვიდრე ჯერ კიდევ სტატუსი დარჩენია, სავარაუდოდ სჭირდებათ თავისი გეგმებისთვის გამოსაყენებლად. როდესაც თავისი დადგენილი ვადა გაუვა, დარწმუნებული ვარ, იმ რადიკალებს აღარც კი გაახსენდებათ სალომე ზურაბიშვილის არსებობა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში სატელეფონო ჩართვისას.