დრამატურგთა ევროპული კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენენ

 3 თებერვალს, 13:00 საათზე, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დრამატურგთა ევროპული კონკურსის “საუბარი საზღვრების შესახებ” გამარჯვებულებს გამოავლენს. მინისტრთან ერთად გამარჯვებულებს დააჯილდოებენ პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, დოქტორი ქრისტიან პაპკე და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის პრეზიდენტი მანანა ანთაძე. პროექტი ინიცირებულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის მიერ. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ხათუნა ხუნდაძე გაუძღვება.
კონკურსი საუკეთესო ქართული პიესის გამოსავლენად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ავსტრიის ევროპული და საერთაშორისო საქმეთა ფედერალურ სამინისტროსთან და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად, 2013 წლის 22 ივლისს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 27-მა დრამატურგმა; მათ შორის მსჯავრდებულმა რუსთავის ქალთა კოლონიიდან. დრამატურგებმა წარმოადგინეს პიესა „საზღვრების შესახებ“, კერძოდ, – როგორია ცხოვრება საქართველოში, სოციალური და ეკონომიკურ-პოლიტიკური ცვლილებების ეპოქაში. ათი საუკეთესო პიესიდან 3 გამარჯვებული პიესა  საერთაშორისო ჟიურიმ (3 ავსტრიელი და 2 ქართველი) შეარჩია, რომელთა ვინაობაც ცნობილი  დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება.
პირველი პრემიის მფლობელი, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან საჩუქრად 3 500 ევროს მიიღებს. პიესა გერმანულ ენაზე ითარგმნება, 11 ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდება და  გავრცელდება გერმანულენოვან ქვეყნებში. პიესის პრეზენტაცია, 2014 წლის მარტში, ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე შედგება; ამავე პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს კი თეატრის მოყვარულები ნიუნბერგის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე იხილავენ.
მეორე და მესამე პრემიის მფლობელები კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან – 3 500 და 2 500 ლარით დაჯილდოვდებიან. სამივე გამარჯვებულ დრამატურგს  თუმანიშვილის ფონდი სპეციალურ პრიზს – „ვაშლს“ გადაცემს და უზრუნველყოფს ხუთი საუკეთესო პიესის კრებულის სახით გამოცემას. გამარჯვებული პიესები საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენაზე დაიდგმება. ერთ-ერთი გამარჯვებული პიესის დადგმის სურვილი გორლიც ციტაუს სახელმწიფო თეატრმაც გამოთქვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად სპეციალური ვიზიტით საქართველოს   კლაუს კუსენბერგი, (ნიუნბერგის სახელმწიფო თეტრი) პეტერ  შპულერი,(ბადენის სახელმწიფო თეატრი კალსრუეში), დორითი სალმა, (გერჰარდ ჰაუპტმანის სახლების თეატრი გორლიც ციტაუში ) იულიუს კრატკი, (ORF-ავსტრიის სახელმწიფო არხის რედაქტორი) და ქრისტიან პაპკე (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი- ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, დრამატურგი,რეჟისორი) ესტუმრებიან.
ღონისძიებას ასევე დაესწრებიან: ბრიტანულ-ქართული პალატის დირექტორი მაკო აბაშიძე, „Asia Geographic“- ის ჟურნალისტები სოფი იბიდსონი და მაქს ლოველ-ჰორი, ბრიტანელი რეჟისორი გაი მასტერსონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები