“ადრე მითხრა მცემაო, დალურჯებებიც ჰქონდა, ამბობდა ვერ მომკლავს, ისე ვუყვარვარო” – რას ამბობს კესარია აბრამიძის მეზობელი
“ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი”,- ამის შესახებ მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეზობელი ჟურნალისტებთან აცხადებს.
მეზობელი ამბობს, რომ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ბექა ჯაიანის მხრიდან კესარიას მიმართ მუქარას და ფიზიკურ ძალადობას არაერთხელ ჰქონია ადგილი.
“მუქარები იყო ძალიან ბევრჯერ. იძახდა კიდეც, რომ მემუქრებაო. ბოლო კომუნიკაცია მქონდა გუშინწინ და მითხრა მემუქრებაო, ღიმილით. იმდენად არ სჯეროდა იმის, რომ მოკლავდა, რომ ამბობდა, ვერ მომკლავს, ვუყვარვარო და სულ ღიმილით და იუმორში ატარებდა. ეჭვიანობის მომენტებიც იყო, სხვა პირებზე ეჭვიანობდა ეს ბიჭი. ხმამაღალი საუბარი, რასაც მე შევესწარი, ეს იყო შეურაცხყოფა ჯაიანის მხრიდან. ერთხელ ფაქტიც ვნახე, გამოვიდა და მითხრა, მცემაო, დალურჯებები ჰქონდა მხრისა და ყელის არეში. სმს მომივიდა, ტელეფონს მართმევდა და არ მივეციო. ორი წელი ერთად იყვნენ, როგორც ჩვეულებრივი ოჯახი, ისე ცხოვრობდნენ, აქ ცხოვრობდა ეს ბიჭი. რამდენიმე თვის წინ კვლავ ჰქონდათ დაძაბულობა, კესარიას შიშის მომენტიც ჰქონდა და ადგა და წავიდა საქართველოდან”, – ამბობს მეზობელი.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.