“მეზობლებს გაუგიათ წივილ-კივილი, მაგრამ რომ გავიდნენ, ის უკვე კიბეებზე ჩარბოდა და რომ შევიდნენ დახვდათ სისხლში”,- ამის შესახებ მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეზობელი ჟურნალისტებთან აცხადებს.
როგორც მეზობელი ჟურნალისტებთან ამბობს, მკვლელობამდე ორი საათით ადრე, კესარია მეზობელს უყვებოდა, რომ მისთვის ბექა ჯაიანი ხელის თხოვნას აპირებდა.
“ზამთარშიც იყო ასეთი შემთხვევა, რომ მოუვარდა და მაშინ მეზობლებმა გადაარჩინეს, მაშინ პოსტიც დაწერა მაგაზე. მერე ყველა ეუბნებოდა, შეეშვი, არ გინდაო… ორი საათით ადრე მჯდარა მეზობელთან ერთად, მანამდე პოსტიც დაუდია, მეზობლისთვის უთქვამს, ხელი უნდა მთხოვოსო. კესო სახლში იყო და ის მერე მოვიდა. კამერები რაც ვნახე, ის წყნარად მშვიდად მოვიდა, დიდი ალბათობით, წინასწარ არც არაფერი არ აგრძნობინა და უცებ ქნა”,- ამბობს მეზობელი.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.