ჯოვანი ვეფხვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

21 სექტემბერს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ჯოვანი ვეფხვაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ხელოვნების სასახლის ინფორმაციით, გამოფენა მხატვრის 75 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ავტორის 30-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი.
„ჯოვანი ვეფხვაძე წარმოადგენდა ვეფხვაძეების მხატვართა დინასტიის მესამე თაობას, რომლის შემოქმედება და ცხოვრება გაჯერებული იყო ძველი თბილისისა და იტალიის სიყვარულით.
1973 წლიდან იღებს მონაწილეობას როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში.
1981-2007 წლებში ჯოვანი ვეფხვაძე ასწავლიდა ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. მხატვრის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, აშშ-ში, ინგლისში, სომხეთში, საფრანგეთში, იაპონიაში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში, ინდოეთში, ჩინეთში და ა.შ.
ქართული ხელოვნების ისტორიაში დიდია ჯოვანი ვეფხვაძის წვლილი. მხატვარმა თავის შესანიშნავ, განუმეორებელი კოლორიტით გაჟღენთილ ტილოებში ბრწყინვალედ გადმოსცა ძველი თბილისის თავგადასავალი, დაგვანახვა წარსულის ხიბლი და ეპოქის მცხოვრებთა სულისკვეთება“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა 29 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები