“ვფიქრობთ, ნოემბრისთვის, მაქსიმუმ დეკემბრისთვის “სურსათის ბანკის” საწყობი გვექნება” – პროექტის კოორდინატორი განმარტავს, როგორ იმუშავებს “სურსათის ბანკი”
“ვფიქრობთ, ნოემბრისთვის, მაქსიმუმ დეკემბრისთვის “სურსათის ბანკის” საწყობი გვექნება და უკვე 2025 წლიდან, როდესაც საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება, ფუნქციონირებას, სურსათის მიღებას და ბენეფიციარებზე გადანაწილებას შევძლებთ”,- ამის შესახებ პროექტ „სურსათის ბანკი – საქართველოს“ კოორდინატორმა, სალომე ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯაფარიძემ განმარტა, რა ეტაპზეა “სურსათის ბანკის” შექმნის პროექტი და როგორ იმუშავებს სისტემა.
“სურსათის ბანკი” ცენტრალური, დიდი საწყობია, რომელიც სუპერმარკეტების ქსელებიდან, სადისტრიბუციო კომპანიებიდან ლოჯისტიკურად ჭარბი სურსათის მიღებას უზრუნველყოფს. “სურსათის ბანკები” ევროპაში ასე ფუნქციონირებს: იღებენ ჭარბ სურსათს, შემდეგ ან უშუალოდ ბენეფიციარს აწვდიან, ან სხვა არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაციების გავლით იმ ადამიანებს, ვინც ამის საჭიროების წინაშეა.
როგორც იცით, ეს პროექტი ევროკავშირის და “ჩეხეთის განვითარების სააგენტოს” მიერ არის დაფინანსებული. ახორციელებს ჩვენი ორგანიზაცია People in Need (“ადამიანი გაჭირვებაში”) , ჩვენი პარტნიორები არიან “საქართველოს წითელი ჯვარი” არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარკი არ მინდა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია Eliots Sustainability. ამ ეტაპზე თბილისში საწყობის მოძიების პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ “ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციასთან” ვთანამშრომლობთ, რომელიც გვეუბნება, რომ საწყობი გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა შეწირული სურსათის უსაფრთხოდ შენახვა მოხდეს. პროცესი მარტივი არაა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ნოემბრისთვის , მაქსიმუმ დეკემბრისთვის საწყობი გვექნება და უკვე 2025 წლიდან, როდესაც საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება , ჩვენ ფუნქციონირებას, სურსათის მიღებას და ბენეფიციარებზე გადანაწილებას შევძლებთ.
“სურსათის ნარჩენების და დანაკარგების შესახებ კანონი” გასული წლის ოქტომბერში ამოქმედდა. ამ წლის ზაფხულში უკვე ორივე ქვემდებარე აქტი გამოქვეყნდა. 2025 წლის პირველი იანვრიდან საგადასახადო შეღავათები გააქტიურდება. ამას ველოდებით. სხვა მხრივ ყველაფერი მზადაა. მარტივად რომ ავხსნათ, აქამდე თუ რომელიმე სუპერმარკეტს სურდა, რაღაცა სურსათი შეეწირა, მოგების და საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაეხადა. 2025 წლიდან ამ გადასახადების გადახდა აღარ მოუწევთ, წახალისებული იქნება, რომ დონაცია გააკეთონ”, – განაცხადა სალომე ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პროექტის პირველი საპილოტე პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
“თბილისში სურსათის მიღება იქნება, გადანაწილება კი წყალტუბოში განხორციელდება. ეს საპილოტე რეგიონია, ჯერ კიდევ პროექტის წერის დროს შერჩეული. მომავლისთვის, ვიმედოვნებთ, რომ სხვა რეგიონებშიც გავაკეთებთ. როგორც მოგახსენეთ, მე People in Need -ს წარმოვადგენ, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. პროექტის ფარგლებში გაწერილი გვაქვს , რომ წყალტუბოში სურსათით 1 000 ბენეფიციარი უნდა დავაკმაყოფილოთ. სია წინასწარ გვექნება შედგენილი, რა თქმა უნდა, სურვილსაც გავითვალისწინებთ. იქნება კრიტერიუმები, რაც ბენეფიციარმა უნდა დააკმაყოფილოს, რომ სურსათი მიიღოს. ბენეფიციარები იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამის საჭიროების წინაშე დგანან, ან სოციალურად დაუცველები, ან ისეთი პირები, რომლებიც ამ სიაში არ არიან, მაგრამ რეალურად მოწყვლადები არიან და დამატებით დახმარებას საჭიროებენ.
გასულ კვირას წყალტუბოში ვიზიტით ვიყავით. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს, მერის მოადგილეს შევხვდით. პროექტის განხორციელებაში ძალიან დიდი მხარდაჭერა აღგვითქვეს, ადგილობრივად საწყობის მოძიების პროცესში ისინიც “წითელ ჯვართან” ერთად გვეხმარებიან . ასევე ძალიან დაგვეხმარებიან ბენეფიციარების სიების შედგენაში, რადგან ადგილობრივად მათ, ასევე სოფლის გამგებლებმა უკეთ იციან, ვინ არიან რეალურად ის ადამიანები, რომლებსაც ეს სურსათი სჭირდებათ. შესაბამისად, პროცესი აქაც აქტიურად მიმდინარეობს. შემდეგი წლის დასაწყისისთვის, წესით, იქაც ყველაფერი მზად უნდა გვქონდეს, რათა მიღებული სურსათის გადანაწილება მარტივად შევძლოთ. “- განაცხადა სალომე ჯაფარიძემ.
მანვე განმარტა, როგორ შეირჩევა პროდუქტი “სურსათის ბანკისთვის”.
“სამინისტრომ სია უკვე გადმოგვცა, თუ რა პროდუქტი, შეიძლება მივიღოთ. ეს გაწერილია და გვერდს ვერ ავუქცევთ. ეს არის დაბალი რისკის შემცველი, ე.წ მშრალი პროდუქტები, როგორიცაა ბურღულეული, მაკარონი, ზეთი, კეტჩუპები, სოუსები, სწრაფი მომზადების სუპები, ორცხობილები, რომელსაც შიგთავსი არ აქვს, რაც ნაკლებ რისკს შეიცავს, სიაშია ასევე ხილ-ბოსტნეულიც. ამ პროდუქტების მიღება და ბენეფიციარებზე გადანაწილება მოხდება. რაც შეეხება ვადებს: ეს პროდუქტი არის ის, რომელსაც ეტიკეტზე აწერია: “უმჯობესია გამოყენებულ იქნას” ამა და ამ თარიღამდე. რა პროდუქტსაც მივიღებთ, ვადასთან მიახლოებული პროდუქტი იქნება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ევროპული პრაქტიკაა. “უმჯობესია გამოყენებული იქნას თარიღამდე . . .” ძალიან პირობითი ვადაა და ამის შემდეგაც პროდუქტის მოხმარება სრულიად უსაფრთხოა. ამაზე ცნობიერების ამაღლების კამპანია უნდა ჩატარდეს. აღვნიშნავ, რომ ეს კამპანია უკვე დაწყებულია. ჩვენ იმისთვის, რომ ადამიანებისთვის მაგალითები ვიყოთ, მსგავსი სახის პროდუქტს თავისუფლად მოვიხმართ. ეს, ისევე როგორც ევროპაში, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. კარგი ამბავი ის გვაქვს, რომ 5 ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და პრინციპში, ისინი თანახმანი არიან , რომ ჩვენთან ითანამშრომლონ, ჭარბი სურსათი გადმოგვცენ. ამჟამად ურთიერთშეთანხმების მემორანდუმების გაფორმების პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი მემორანდუმები გაფორმდება, მათ საჯაროდ დავასახელებთ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
თამუნა შეყილაძე