თეიმურაზ შაშიაშვილი: დღევანდელი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილს ნაყიდი აქვს
“თეთრების” ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ტოტალური პროპორციული საარჩევნო სისტემის დაკანონება არის უბედურება და მას ისეთი საფრთხეები ახლავს, რომელსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს.
“ჩემში პროტესტს იწვევს როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე ქუჩის ოპოზიციის საქციელი. მიუღებელია ხელისუფლების თვითკმაყოფილება და ოპოზიციის გაბოროტებაც. საქართველოში ტოტალური პროპორციული საარჩევნო სისტემის დაკანონება არის უბედურება და მას ისეთი საფრთხეები ახლავს, რომელსაც ტვინგაცხელებული დემაგოგებისა თუ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აცნობიერებს. ჩემთვის ისიც ცნობილია, რომ ავანტიურისტები და მედროვეები, რომლებსაც საქართველოს ბედი არად ადარდებთ, აპირებენ, რეგიონული ნიშნით შექმნან პარტიები და ამით სარგებელი ნახონ.
ჯერ უდიდესი შეცდომა იყო პროპორციული არჩევნების დაწესება, ხოლო შემდეგ სიტყვის უკან წაღება და ხალხის მოტყუება. პროპორციული არჩევნების სისტემა არღვევს, თითოეული ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას- აირჩიოს და არჩეულ იქნას. პროპორციული არჩევნები არღვევს რეგიონების, კერძოდ, აფხაზეთის, აჭარისა და ცხინვალის რეგიონების ავტონომიურ უფლებებს. პროპორციული არჩევნების დაკანონებით აფხაზეთსა და ცხინვალს კიდევ უფრო ვშორდებით, ხოლო აჭარაში პრობლემებს ვქმნით. სააკაშვილმა აჭარაში იმდენ ვინმეს მისცა მოქალაქეობა, პროპორციული არჩევნების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში არაქართულ დეპუტაციებს მივიღებთ. ვიცი რამდენიმე მზაკვარი პიროვნება, რომლებმაც საქართველოში აზერბაიჯანელებისა და სომხების რაოდენობა ზუსტად იციან და თავიანთ ავანტიურისტულ გეგმებს სწორედ ეთნიკურ უმცირესობებზე აწყობენ. კერძოდ, ტოტალური პროპორციული არჩევნების შემთხვევაში შეიქმნებოდა ვითომ ქართული პარტიები, ქართველი ლიდერით სათავეში და სინამდვილეში პარტია არჩევანს გააკეთებდა ეთნიკური ნიშნით. გესმით, თქვენ ეს საქართველოსთვის რას ნიშნავს? ეს დაანგრევს ჩვენს ქვეყანას და რატომ ვიქმნით პრობლემას იქ, სადაც პრობლემა არ არსებობს? პროპორციული სისტემით რეგიონებსაც შეურაცხყოფას ვაყენებთ. საკუთრივ იმერეთიდან, სამეგრელოდან, კახეთიდან, გურიიდან, აჭარიდან შესაძლოა, ვერცერთი კაცი ვერ მოხვდეს პარლამენტში და მხოლოდ თბილისელები დასხდნენ უზენაეს საკანონმდებლო ორგანოში. თუ საქართველოს გამთლიანებაზე ვფიქრობთ, პროპორციული საარჩევნო სისტემით აფხაზებსა და ოსებს რას ვუპირებთ, პარლამენტში თავიანთ კუთვნილ ადგილებს ვაძლევთ? ამ დღეებში აფხაზებმა დამირეკეს და მითხრეს , საქართველოს გაერთიანებას ასე აპირებთო? ამიხსნას ვინმემ პროპორციული არჩევნების პირობებში როგორ შეიძლება უპარტიო გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი? ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ან უნდა იყო პარტიის წევრი, ანდა ჩაგსვან პარტიულ სიაში, სხვაგვარად ვერ აგირჩევენ. არადა, ამ დროს პარტიებში ზნეობის დეფიციტია, ხოლო ზნეობრივი ადამიანები პარტიებს არ ენდობიან”,- განაცხადა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” მიცემულ ინტერვიუში შაშიაშვილმა.
მისივე თქმით, მისთვის გარდა პროპორციული არჩევნების სისტემისა მიუღებელია ასევე, ფაშისტური ლოზუნგი “ყველას მინუს ერთი, ანუ ბიძინა ივანიშვილი”.
“თავყრილობას არ ვუერთდები იმიტომ, რომ ჯერ ერთი, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პროპორციული არჩევნების და მეორე ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ფაშისტური ლოზუნგი “ყველას მინუს ერთი, ანუ ბიძინა ივანიშვილი”. ამ ლოზუნგმა თავის დროზე საქართველო დაღუპა. დღევანდელი პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა სააკაშვილს ნაყიდი ჰყავს, რადგან ბიუჯეტიდან პარტიების დაფინანსება შემოიღო. რაც შეეხება ოპოზიციის გაერთიანებას, ეს არ გახლავთ ზნეობრივი პროცესი, რადგან ვითომ გაერთიანებული პარტიები ერთმანეთს სულ ახლახან უბინძურესი სიტყვებით ამკობდნენ, ათას რამეში ადანაშაულებდნენ, დასაჭერად ემუქრებოდნენ და ა.შ. ასეთი გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მოხდა უბინძურესი რამ, ხელისუფლებასა და დამნაშავე ნაცპარტიას შორის გაფორმდა კოჰაბიტაცია, ხოლო შემდეგ კოჰაბიტაციით ერთმანეთს დაუკავშირდნენ დამნაშავე და შედარებით ნორმალური პარტიებიც.
ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი მტერი ისევ ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილის წინააღმდეგ ისეთი ხალხი გაერთიანდა, რომ ვისაც ბიძინა არ მოსწონდა, ისინიც კი მისი მხარდამჭერები გახდნენ. ბევრმა მითხრა თუ საკითხი დადგება- ესენი თუ ივანიშვილი, ჩვენ ისევ ივანიშვილს მივემხრობითო. თუ ამ ე.წ. ოპოზიციას პერსპექტივა აქვს, ე.ი. საქართველოს არა აქვს პერსპექტივა. ქუჩიდან მოსული ხალხი ქვეყანას ვერ გადაარჩენს, ხსნა სამეცნიერო აუდიტორიებსა და კონფერენციებზე დაწყებულ კამათშია, რომელშიც მთელი საქართველო იქნება ჩართული”,- განაცხადა შაშიაშვილმა.