“როგორც მოსალოდნელი იყო, ვითარების დასტაბილურებასთან და პანიკის გადავლასთან ერთად, სებ-მა დაიწყო რეზერვების შევსება” – ლადო პაპავა
“როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რეზერვების შევსებისთვის პირველი შესყიდვა და დარწმუნებული ვარ, რეზერვების ზრდა გაგრძელდება“, – ამის შესახებ აკადემიკოსმა, ლადო პაპავამ სებ-ის მიერ რეზერვების შევსების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა.
„ზოგიერთი ექსპერტის მიზანი იყო, პანიკა შეექმნათ საზოგადოებასა და ბიზნესში. ამ პანიკის ფონზე, კიდევ უფრო გაუფასურებულიყო ლარი და გართულებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა, რაც, რა თქმა უნდა, ოპოზიციას აძლევდა ხელს. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ლარი არის სტაბილურობის გარანტი, ის არის ეროვნული ვალუტა, რაც ყველას ერთნაირად გვჭირდება ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ რიგითი ადამიანები.
არ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ რეზერვების ზრდა არის თვითმიზანი, არამედ ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს და გაცვლითი კურსი იყოს სტაბილური. ამიტომ როდესაც ეროვნულ ვალუტას უჭირს და უფასურდება, თუ ეს გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, მაშინ სებ-ი ვალდებულია, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებით გადაარჩინოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, შეუნარჩუნოს მას სტაბილურობა“, – განმარტა ლადო პაპავამ.