ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა.
როგორც მან აღნიშნა, „ისრაელს ყოველთვის ექნება უფლება გაუმკლავდეს გამოწვევებს ან საფრთხეებს მისი უსაფრთხოებისთვის“.
„არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რაც იმ შეთანხმებაში წერია, რომელიც ისრაელისა და ლიბანის წინაშეა. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, განსაზღვრებით, ისრაელს ყოველთვის ექნება უფლება გაუმკლავდეს გამოწვევებს ან საფრთხეებს მისი უსაფრთხოებისთვის, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის უფლება“, – თქვა ბლინკენმა იტალიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ექნება ლიბანსა და ისრაელში სიცოცხლისა და საარსებო წყაროს გადარჩენისთვის.
„შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის, მაგრამ მჯერა, რომ დასკვნით ეტაპზე ვართ. ყურადღებით ვადევნებთ თვალს და იმედი მაქვს და მჯერა, რომ შეთანხმება შედგება“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.