კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორად ნიკოლოზ ანთიძე დაინიშნა. 2002 წლიდან ნიკოლოზ ანთიძე ძეგლთა დაცვის სფეროში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. ნიკოლოზ ანთიძე არის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანაავტორი, კულტურული მემკვიდრეობის დარგში მრავალი საერთაშორისო პროექტის მონაწილე. 2011 წლის იანვრიდან დღემდე იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის, ხოლო მოგვიანებით კულტურული მემკვიდრეობის ინსპექციის უფროსად მუშაობდა. ხოლო 2009-2011 წლებში ამავე სააგენტოში ხელმძღვანელობდა დაცული ტერიტორიებისა და მონიტორინგის სამსახურს. 2004-2009 წლებში იყო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მონიტორინგისა და პრევენციული კონსერვაციის სამმართველოს უფროსი; 2007 წლიდან არის ამავე სამინისტროს „მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის“ თავმჯდომარის მოადგილე; 2009 წლიდან კი სამინისტროსთან არსებული „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს“ არქეოლოგიური სექციის წევრია; ასევე, იკავებს სამინისტროში „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული, არქეოლოგიური სამუშაოების მიმღები კომისიის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. 2005-2007 წლებში ნიკოლოზ ანთიძე იყო კულტურული მემკვიდრეობის სამართლის ლექტორი თბილისის სამხავტრო აკადემიის, რესტავრაციის, ხელოვნებისა და თეორიის ფაკულტეტზე. 2002-2004 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის იურიდიულ განყოფილებას; 1991-2002 წლებში ნიკოლოზ ანთიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ცენტრში უფროსი ლაბორანტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის, სამხედრო საქმის წარმოების ინსპექტორის თანამდებობებზე მუშაობდა. 1991-1996 წლებში ნიკოლოზ ანთიძე სწავლობდა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, თურქეთის ისტორიის სპეციალობის განხრით; 2000 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი; 2005 წელს მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სერთიფიკატი – „International visitor leadership program of the United States Department of State “Historic preservation in the U.S”, 2008 წელს მიიღო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული, დსთ-ს ქვეყნებთან ტექნიკური თანამშრომლობის ფონდის სერტიფიკატი „Maintenance and Restoration of Monuments“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები