მისი ბავშვობა იმერეთს და ხარაგაულს უკავშირდება. ქსოვა 6 წლიდან დაიწყო. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ესკორტის ოფიცრად მუშაობს. უმცროსი ლეიტენანტია. სათამაშოებს მე-4 წელია ქსოვს. – სოფო თაბუკაშვილის პერსონა.
– წარმოშობით ხარაგაულიდან ვარ, გიმნაზიაში ვსწავლობდი. პატარაობიდანვე მომწონდა ეკლესიაში სიარული, გალობა და ზიარება… მომწონდა ქსოვა, დედაჩემი ტანსაცმელებს გვიქსოვდა და მეც 6 წლიდან ვისწავლე ქსოვა…
– მე-4 წელია ქსოვთ სათამაშოებს…
– სათამაშოების ქსოვა თურქეთში დავიწყე, კოვიდის დროს ჩაკეტვები რომ დაიწყეს, ძაფები მოვიმარაგე და რამდენიმე თოჯინის მოქსოვა ვცადე. თავიდან არ გამომდიოდა, მეხუმრებოდნენ, ბავშვებს არ აჩვენო, შეეშინდებათო, მაგრამ ეს სტიმული იყო, რომ უკეთესი გამომსვლოდა და რამდენიმე ცდაზე, მართლაც, გავაუმჯობესე…
– პირველი სათამაშოები…
– პირველად დათუნიებს ვქსოვდი, ნელ-ნელა დავხვეწე…
– მუშაობთ პენიტენციურ სამსახურში, ესკორტის ოფიცრად. ოჯახი, სამსახური და ხელოვნება – რა დრო გაქვთ გამოყოფილი ხელოვნებისთვის?
– ჩემი საქმე ძალიან მიყვარს…დრო თითქმის არ მრჩება, მაგრამ საყვარელ ხელობას არასოდეს ვღალატობ… ყოველთვის ვპოულობ დროს საქსოვად…
– არცთუ იოლია პენიტენციურ სამსახურში თქვენი სამუშაო…
– პენიტენციურში მუშაობა ნამდვილად არ არის იოლი, მით უფრო ქალისთვის, თუმცა მყავს ძალიან კარგი კოლეგები და საერთოდ არ ვარ დაძაბული, სიამოვნებით ვასრულებ ყველა დავალებას, ბევრ რამეს ვსწავლობ… მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს…
– როგორ იქმნება თქვენი სათამაშოები?
– მხოლოდ ბამბის ძაბით – ბავშვებისთვის უსაფრთხო პროდუქტით ვქსოვ.
– შთაგონება?
– შთაგონება არ მჭირდება, ჩემი ფანტაზია ამოუწურავია, ნებისმიერი სახეობის, ან სახის მოქსოვა შემიძლია, უბრალოდ არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი… ვფიქრობ, უბრალოდ უფლისგან ბოძებული ნიჭია…
– ერთი თოჯინის ისტორია…
– მახსენდება, ერთმა მშვენიერმა ქალბატონმა მთხოვა, რომ მისი გარდაცვლილი შვილის სახით მომექსოვა თოჯინა. ვერ აღგიწერთ, რას ვგრძნობდი ამ დროს, ტკივილს, სიბრალულს, გულისწყვეტას, თუმცა საოცარი თოჯინა გამოვიდა. დედამისი მეუბნებოდა, რომ მისი შვილი გავაცოცხლე…. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო….
– ამბობთ, რომ ამზადებთ ქართულს, ნატურალურს…
– ქართულს და ნატურალურს საქართველოში ჩემი ხელით ვამზადებ. არანაირი დაზგით და სხვა საშუალებებით….
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად ორკვირიან შვებულებაში ვარ სამსახურიდან და „ძუძუ ბალიშების” რამდენიმე შეკვეთა მაქვს.
– „ძუძუ ბალიშებზე“ მინდოდა მეკითხა – ამას წინათ, მათი ფოტო დადეთ, სოციალურ ქსელში არაერთმნიშვნელოვანი კომენტარები დაიწერა…
– „ძუძუ ბალიშებმა“ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრმა გამაკრიტიკა კიდეც, თუმცა ანტიკომენტარები უფრო დამეხმარა წარმატებაში.
– საიდან მოგაფიქრდათ მისი შექმნის იდეა?
– მსგავსი ბალიში „პინტერესტზე“ ვნახე, საცდელად მოვქსოვე, როგორი გამოვიდოდა. არც მიფიქრია გაყიდვა. ვფიქრობდი, არ გამოიჩენდნენ ინტერესს, ჩემს გვერდზე დავდე გასართობად, უბრალოდ კომენტარებში „საღადაოდ”, თუმცა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, მიკვეთავდნენ ქმრებისთვის, შეყვარებულებისთვის, უცოლო ძმებისთვის, შვილებისთვის და ასე შემდეგ… ახლაც შეკვეთა მაქვს და მიკვეთავს ძმისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და სურს მასთან გაგზავნა.
– ჰობი…
– ქსოვა, ლექსების წერა, ხატვა, სიმღერა და გიტარაზე დაკვრა…
– ოჯახი…
– ოჯახში მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი საბა ვართ. 6 წლის შვილი მყავს, ძალიან ცელქი….
– გამოფენები, სამომავლო გეგმები…
– ჯერ არ ვგეგმავ არაფერს. ზაფხულში ვნახოთ.
თამარ შაიშმელაშვილი