“ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს” – შალვა პაპუაშვილი
“სტრატეგიული პარტნიორობა ასე არ არის, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს და არა მეურვეებს. რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ეს არის სამწუხარო დამოკიდებულება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ვიღაცას თუ უნდა, რომ ჩვენ მეურვეობა გაგვიწიოს და იმ მიმართულებით გვატაროს, როგორც საჭიროდ ფიქრობს, ასე არ გამოვა. ასე არ მოქმედებს ჩვენი 3000-წლიანი სახელმწიფოს ისტორია. სამწუხაროა, რომ ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრ დიდ ქვეყანას ერთი და იგივე შეცდომა დაუშვია საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ბევრს ჩვენი მეგობრობა ფეხქვეშ გაგებად გაუგია და ისე გაუგია, რომ საკუთარი ინტერესები შეუძლიათ მოგვახვიონ თავს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, იმისთვის, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, საჭიროა გულახდილობა და კეთილსინდისიერება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია შეწყდეს ცრუ ბრალდებები და ნარატივები ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ. შეუძლებელია ასე გაგრძელდეს, რომ ერთი მხრივ ჩვენ პარტნიორობისთვის ყველაფერი ვაკეთოთ და ამის პასუხად ვიღებდეთ იმას, რომ ჩვენი პოლიციელებს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ და იმის ღირსადაც არ გვთვლიდნენ, რომ მტკიცებულება წარმოადგინონ რამის. გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით სავიზო შეზღუდვები და დღესაც მახსოვს მაშინდელ ელჩთან ჩემი საუბარი, რომ ეს უპატივცემულობაა, როდესაც ამბობ, რა არის მტკიცებულება და გეუბნება, რომ პრესაში წაიკითხო მტკიცებულებების შესახებ. ასეთი დამოკიდებულება არ შეიძლება, ეს არ არის ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც ვაჩვენებდით ყველას დედამიწის ნებისმიერ წერტილში, სადაც ვჭირდებოდით. ეს არის ჩვენი ქართული მიდგომა მეგობრებისადმი და პარტნიორებისადმი და გვინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდეთ სხვებსაც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.