საქართველო – ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი

  27 თებერვალს, 12 საათზე, ბერლინში, საქართველოს საელჩოში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომელიც 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას გულისხმობს. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მესვეურები, ასევე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები და სხვა მოწვეული სტუმრები. გარდა იმისა, რომ საპატიო სტუმარი ქვეყანა გამორჩეულად იქნება წარმოდგენილი უშუალოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის მასშტაბით, პოპულარიზაცია გაუწიოს ზოგადად ქართულ კულტურას. საქართველოს საშუალება მიეცემა, გამართოს: გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები. ქართული კულტურა ფოლკლორიდან დაწყებული კულინარიით დამთავრებული წარმოაჩინოს. საქართველო მოლაპარაკებებს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოპოვებასთან დაკავშირებით 2011 წლიდან აწარმოებს. 2013 წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი და ვიცე – პრეზიდენტი ტობიას ვოსი, რომლებმაც მოლაპარაკებები გამართეს, როგორც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან გურამ ოდიშარიასთან, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ფარგლებში გერმანელმა კოლეგებმა ნათლად დაინახეს ჩვენი ქვეყნის მზაობა „სტუმარი ქვეყნის პროგრამაში“ მონაწილეობის თაობაზე, რამაც ხელი შეუწყო რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების წარმატებულად დასრულებას. 2014 წელს იგეგმება ლიტერატურის პროგრამის დაფინანსების მიმართულებით ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ზრდა და ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციის სპეციალური ცენტრის დაარსება, რომლის მთავარი ამოცანები იქნება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის უფრო მოქნილი და დეცენტრალიზებული სტრუქტურის შექმნა, რომელიც სპეციალური ბორდის მიერ იქნება მართული. სწორედ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ექსპერტებით დაკომპლექტებული ბორდი შეიმუშავებს ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნისა და პოპულარიზაციის სამუშაო გეგმას, რომელიც მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ქართული ლიტერატურის თარგმანების რაოდენობრივ და ხარისხობრივ შედეგზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები