ინდოეთში, სარკინიგზო ინციდენტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში სარკინიგზო ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, ინდოეთის შტატ მაჰარაშთრაში ერთ-ერთი მატარებლის მგზავრებმა ვაგონში ცეცხლის გაჩენის შიშით განგაშის სიგნალი ჩართეს, შემდეგ კი გაჩერებული მატარებლიდან ჩამოსვლა დაიწყეს, რა დროსაც მათ საპირისპირო მხრიდან მომავალმა სხვა მატარებელმა გადაუარა.
დაშავებულები ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
„წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ ვაგონში ცეცხლის ნაპერწკლები გაჩნდა, რის გამოც მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ“, – აცხადებს ადგილობრივი რკინიგზის დეპარტამენტის თანამშრომელი.
როგორც უცხოური მედია წერს, მიუხედავად მთავრობის მცდელობისა, გაეუმჯობესებინა სარკინიგზო უსაფრთხოება, ინდოეთის რკინიგზაზე უბედური შემთხვევები ყოველწლიურად ხდება.