ახალციხის საბავშვო ბაგა-ბაღებს ახალი ინვენტარი და სათამაშოები გადაეცათ
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებს – ახალი განმავითარებელი ინვენტარი და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები გადაეცათ, ასევე დასაქმებული პერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურება გაიზარდა და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვანი კვების რაციონი შემუშავდა“, – ამის შესახებ ახალციხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთან მარინა მერაბიშვილთან და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ქეთევან მიშველიძესთან ერთად ქალაქ ვალის №1 საბავშვო ბაღში გაეცნო სააღმზრდელო პროცესს.
“საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა იმ სიახლეებზე, რაც სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ხორციელდება მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათ შორის როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, ისე დასაქმებული პერსონალისთვის სახელფასო ანაზღაურების ზრდის კუთხით.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინიციატივით ახალ სათამაშოებს და ინვენტარს, მუნიციპალიტეტის სხვა საბავშვო ბაღებიც მიიღებენ, ასევე გაზაფხულის სეზონიდან შეიცვლება კვების რაციონიც, პატარებს ყოველდღიურად განსხვავებული, სრულფასოვანი ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი მენიუ ექნებათ, რომელიც სეზონის შესაბამისად დატვირთული იქნება ხილით, ბოსტნეულით, რძის პროდუქტებითა და თევზეულით. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მხარდაჭერა პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უახლოეს ხანში მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 ახალი საბავშვო ბაღი შეემატება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.