ექსკლუზივი: ოქრუაშვილის კიდევ ერთი სკანდალური მუქარის წერილი

  თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გარშემო სკანდალი გრძელდება. პორტალ „კვირას“ ოქრუაშვილის დაკვეთით გაგზავნილი კიდევ ერთი მუქარის შეტყობინება მიაწოდეს. როგორც წერილიდან ირკვევა, ოქრუაშვილი, ოჯახის ლიკვიდაციით, მიხეილ ქარელის მსგავსად, სხვა ყოფილ თანაგუნდელებსაც ემუქრებოდა. ექსმინისტრს ამჯერად, მისივე გუნდის ყოფილი წევრი და მეგობარი უპირისპირდება. თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი სოსო ჩიხლაძე, იგივე „ვოლკი“, მუქარის შემცველ სმს შეტყობინებებს წლების განმავლობაში პერიოდულად იღებდა, რომლის ავტორადაც, ქარელის მსგავსად, ირაკლი ოქრუაშვილს ასახელებს. 1661906_1407236716191473_1945242346_n (1)როგორც ჩიხლაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ოქრუაშვილმა მუქარა სისრულეშიც მოიყვანა და მას ტყვიავში სახლ-კარი 2011 წლის ნოემბერში, შემდეგ კი 2013 წელს დაუწვეს. სოსო ჩიხლაძემ მუქარის წერილი სახლის გადაწვის შემდეგაც მიიღო, რომელიც მან „კვირას“ ექსკლუზიურად მიაწოდა:
„თუ სახლიდან დასკვნა ვერ გამოიტანე, შემდეგი იქნება დედაშენი, შემდეგ კი ბავშვებს „დაგიბინავებთ“. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მუქარის სმს შეტყობინებების უკან ირაკლი ოქრუაშვილი დგას. „მუქარის წერილებს ტელეფონით პერიოდულად ვღებულობდი. მიზანი ის იყო, რომ მას მერე, რაც მე ირაკლი ოქრუაშვილს დავშორდი, არაფერი გამეკეთებინა მის საწინააღმდეგოდ. თუნდაც, მისი გარემოცვისთვის, მისი ქმედებებიდან გამომდინარე, თვალი არ ამეხილა იმაზე, რომ უპატრონოდ ვიყავით მიყრილები და ჩვენ მას აღარ ვჭირდებოდით. 2011 წლის ნოემბერში გორის რაიონში ჩემი მშობლების სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში, 1 დეკემბერს, მივიღე აღნიშნული სმს შეტყობინება“, – აცხადებს ჩიხლაძე.
„პირველ დაპირებას იმ თვის ბოლოს დაელოდე“, – ეს შეტყობინება კი სოსო ჩიხლაძის მობულურ ტელეფონზე 2011 წლის 14 დეკემბერით თარიღდება. მისივე თქმით, მუქარის შემცველ სმს შეტყობინებებს ის სხვადასხვა რუსული სატელეფონო ნომრიდან იღებდა. „თუ გადავხედავ მანამდე განვითარებულ მოვლენებს, ჩემს ხელთ არსებულ დოკუმენტურ მასალებს და ამ დღეებში გავრცელებულ ინფორმაციებს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი ირაკლი ოქრუაშვილია. ამ ეტაპზე ჩემი მშობლების სახლის დაწვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და გამოძიება მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ გამოძიება საკმაოდ მოკლე დროში უშუალო შემსრულებელს დააკავებს. დარწმუნებული ვარ, კვალი აუცილებლად ირაკლი ოქრუაშვილამდე მივა. მე არ ვსაუბრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უშუალო შემსრულებელი იყო, მე ვამბობ, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორი ირაკლი ოქრუაშვილი არის. ფაქტია, რომ ოქრუაშვილის დავალებებს მისი კრიმინალური დაჯგუფების რომელიმე წევრი ასრულებს“,- ამბობს „კვირასთან“ საუბრისას სოსო ჩიხლაძე.
1384510308566853ჩიხლაძის თქმით, ის კარგად იცნობს ირაკლი ოქრუაშვილს და მუქარის მესიჯები სწორედ მისი ხელწერაა. „ჩემი ღრმა რწმენით, ირაკლი ოქრუაშვილი ამ ყველაფრის გამკეთებელია. თავისი ქმედებებიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ მის ფსიქოტიპს, მის ქმედებებს, თუნდაც 2007 წელს მისი დაკავების და შემდგომ პერიოდებს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის უკან ირაკლი ოქრუაშვილია. კარგად მესმის მიშა ქარელის მდგომარეობა, ეს ყველაფერი ჩემს თავზე განვიცადე… თუმცა, პროცესები კიდევ გრძელდება“, – აღნიშნავს სოსო ჩიხლაძე.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი დღემდე ვერ შეეგუა მის კარიერულ ვარდნას და გაბოროტებულია. „დღეს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურად და თანამდებობრივად არაფერს წარმოადგენს. ოქრუაშვილმა მაღალი სიმაღლიდან დაბლა დაცემის პროცესი ვერ გადაიტანა და სურს, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს საკმაოდ ცნობილი სინდრომია, მას სურს ხალხის ნდობის მოპოვება და ყველაფერზე მიდის. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან რთულად განიცდიან კარიერულ დაცემას. ამ ყველაფრის მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილის ფსიქოტიპში უნდა ვეძებოთ. სწორედ ეს არის ახსნა და მთავარი მიზეზი იმის, რასაც ოქრუაშვილი სჩადის“, – ამბობს სოსო ჩიხლაძე „კვირასთან“ საუბრისას.
როგორც სოსო ჩიხლაძე აცხადებს, მას მუქარის ფაქტებზე ოჯახის წევრებთან არასდროს უსაუბრია.
„ამ ყველაფრის შესახებ ოჯახის წევრებთან არ ვსაუბრობდი. ვცდილობდი, ისინი სტრესისგან და ნერვიულობისგან დამეცვა. არც დედაჩემმა იცოდა ამის შესახებ არაფერი, შესაბამისად, გამოვიდა ისე, რომ გუშინ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბრისას, დედაჩემმა სახლის დაწვის დამკვეთად ირაკლი ოქრუაშვილი არ დაასახელა. მას უბრალოდ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, რადგან მე მათ გავუფრთხილდი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში სოსო ჩიხლაძე (2005-2007 წლებში) თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მასალის გადაბეჭდვისას წყაროს მითითება აუცილებელია!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები