“იმის თქმა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მინისტრების პრემიები და დანამატები გაიზარდა, არასწორია”
FactCheck.ge-ს ინფორმაციით, 2013-2014 წელს მინისტრებზე და მათ მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი 8 218 463 ლარია, რაც 2011-2012 წლების მონაცემებზე 10%-ით ნაკლებია.
“ფაქტ მეტრი” 2012 წლამდე და მას შემდეგ, მინისტრებზე და მათ მოადგილეებზე გაცემულ პრემიებისა და დანამატების შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 12 სამინისტროდან გამოთხოვლი ინფორმაციის თანახმად (ის სამინისტროები, რომლებმაც ინფორმაცია გასცეს), 2011-2012 წლებში ამ სამინისტროებში მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი ჯამში 9 225 366 ლარი იყო, 2013-2014 წელს კი აღნიშნულმა მაჩვენებელმა 8 218 463 ლარი შეადგინა.
კვლევის ავტორების მონაცემებით, 2011-2012 წლებში მინისტრებზე გაცემულ შრომის ანაზღაურება 2 091 086 ლარი იყო, ხოლო 2013-2014 წლებში მინისტრების შრომის ანაზღაურება 4%-ით შემცირდა და 1 997 896 ლარი შეადგინა.
“ფაქტ მეტრმა” ასევე გადაამოწმა, გაიზარდა თუ არა პრემიებისა და დანამატების მოცულობა 2011 წლის შემდეგ და ამისთვის, კვლევის ავტორებმა 11 სამინისტროს მონაცემები განიხილეს.
“ჯამში, 2011-2012 წლებში ეს მაჩვენებელი 4 473 891 ლარი იყო. 2013-2014 წლებში კი, 3 873 245 ლარი, რაც 2011-2012 წლის მონაცემებზე 12%-ით ნაკლებია. მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, 2011 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მინისტრებზე და მინისტრების მოადგილეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება, ასევე პრემიები და დანამატები ყოველწლიურად მცირდება. თუ ბოლო ოთხი წლის მონაცემებს ავიღებთ, 2013-2014 წლებში მინისტრებზე და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული პრემიების და დანამატების მოცულობა 2011-2012 წელთან შედარებით შემცირებულია. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების პრემიები და დანამატები გაიზარდა (ჯამში), არასწორია”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
FactCheck.ge-ს ინფორმაციით მიუხედავად იმისა, რომ პრემიების გაცემის წესი და ოდენობა გარკვეულწილად დარეგულირებულად ითვლება, დღემდე არ არის მოწესრიგებული დანამატის გაცემის შესაბამისობა არსებულ კანონთან, ასევე არ არის განსაზღვრული დანამატის ზედა ზღვარი მინისტრის აპარატის თანამდებობის პირებისთვის (გარდა მინისტრისა).
“ზემოაღნიშნული მონაცემებიდანაც ჩანს, რომ სამინისტროებში დანამატების გაცემას სისტემატური ხასიათი აქვს და იმის გარდა, რომ დანამატებმა ფაქტობრივად პრემიები ჩაანაცვლეს, მათი გაცემა კანონით დადგენილ შინაარსს არ პასუხობს. კერძოდ, ბუნებრივია, არ შეიძლება წინასწარ იცოდე, თუ რა მოცულობის სამუშაოს შესრულება მოუწევს ამა თუ იმ თანამდებობის პირს (მათ შორის მინისტრებსაც, რომელთა შემთხვევაში დანამატების ზედა ზღვარი დადგენილია)”, – ნათქვამია კვლევაში.
“ფაქტ მეტრი” ასევე შეეცადა, პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაემოწმებინა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმება თითქმის 61 ათასით გაიზარდა. ეს კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-იანი ზრდაა.
“საქსტატის” მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში, 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმება 60 847 ადამიანით (12%) გაიზარდა. მესამე კვარტალში კი, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 400 (9.3%) ადამიანი შეადგინა. ფაქტ-მეტრმა დასაქმებულთა რაოდენობა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობითაც გადაამოწმა. 2015 წლის ივნისში ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა რაოდენობა (დაქირავებით დასაქმებულები) 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16 102-ით ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახური ბიზნეს-სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა გარდა არასამეწარმეო საჯარო სექტორში და არასამთავრობო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას მოიცავს, ეს სრულად მაინც ვერ ხსნის 77 ათასიან სხვაობას. თუ ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად ხელფასის ამღებთა რიცხვი კლებულობს, მაშინ სხვა სექტორებში დაქირავებით დასაქმებულთა შემცირებასთან ან ბიზნეს-სექტორში დროებით დასაქმებულთა მაღალ წილთან გვაქვს საქმე. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეკონომისტებსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც მივმართეთ. მათი აზრი განსხვავებულია – ნაწილი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხზე საქსტატის ინფორმაცია სანდო არ არის, ნაწილი სეზონური დასაქმებით ხსნის, ნაწილი კი ენდობა. ძირითადი არგუმენტი ის არის, რომ შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში აღნიშნული რაოდენობით დასაქმების ზრდა საეჭვოა. თუმცა, ეკონომიკის ზრდის ტემპსა და დასაქმების ზრდას შორის მჭიდრო კავშირი 2012-2014 წლებში უფრო იკვეთება, ვიდრე ეს 2005-2011 წლებში იყო. განსხვავებული სტატისტიკური მაჩვენებლებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრმა პრემიერის განცხადება ამ ეტაპზე უვერდიქტოდ დატოვა და ამ საკითხზე მუშაობას კვლავაც აგრძელებს”, – ნათქვამია კვლევაში.