თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ორბელიანის მოედანსა და ალექსანდრეს ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

„წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვხვდებით, რადგან ჩვენი ქვეყანა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ხვალ, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ფიცს დადებენ ჩვენი წვევამდელები. ჩატარდება აღლუმი. დღესასწაულის აღნიშვნაში მონაწილეობს ყველა სამინისტრო. კულტურული ღონისძიებები მთელ საქართველოში გაიმართება. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულად წარვადგენთ ღვინოსა და ხორბალს. მოეწყობა სპორტული ღონისძიებები, საბავშვო კუთხეები; გამოტანილი იქნება ადგილობრივი ნაწარმი – ქართველი მეწარმეების ნახელავი.

ყველაფერს ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ხვალ დიდი სახალხო ზეიმი ღირსეულად ჩავატაროთ“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, თბილისში სადღესასწაულო ღონისძიებები ათონელის ქუჩაზე, ალექსანდრეს ბაღში, ხაზინისა და ფხოვის, ფურცელაძისა და ვეკუას ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე გაიმართება. 20:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე ჩატარდება გალაკონცერტი.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები იმართება სლოგანით – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები