22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება,“- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წყლის მსოფლიო დღის დაწესების და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე, წყლის რესურსების რაციონალური მართვა და გამოყენება ერთ-ერთი აქტუალური გამოწვევაა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, წყლის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, უჯარმის მიმდებარედ, მდინარე იორიდან წყლის სინჯები აიღეს.

აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში შემოწმდება, რომელიც აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ლაბორატორია აკრედიტებულია საერთაშორისო ISO17025 სტანდარტის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო პერიოდში, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები განხორციელდა. გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები