მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე კინორეჟისორის შემოქმედების ამსახველი ფოტომასალები, აფიშები კინოფილმებიდან, ესკიზები, საოჯახო ფოტოსურათები, წერილები და ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, ენახა კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე”, რომელშიც მერაბ კოკოჩაშვილი პაატას როლს ასრულებს, ასევე, რეჟისორის პორტრეტული ხასიათის ინტერვიუ.
გამოფენის პარალელურად, უკვდავთა თაღში კინორეჟისორის და პედაგოგის ხელის ანაბეჭდი გაიხსნა.
გამოფენას, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა, კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე დაესწრო.
მინისტრმა რეჟისორს დაბადების დღე მიულოცა და შემოქმედებითი წარმატება უსურვა.
მერაბ კოკოჩაშვილს 90 წლის იუბილე მიულოცეს სს „ქართული ფილმის“ დირექტორმა ხათუნა ხუნდაძემ და აკადემიკოსმა, თამაზ შილაკაძემ. საღამო გამოფენის კურატორმა, ლალი ხოსიტაშვილმა გახსნა.
2025 წელი „ქართულმა ფილმმა“ მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. თარიღის აღსანიშნავად, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, აღდგა მერაბ კოკოჩაშვილის ორი ფილმი – „მიხა“ და „მწვერვალი“.
კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, გამომცემლობა „ბაკმი” მერაბ კოკოჩაშვილის ავტობიოგრაფიულ წიგნს გამოსცემს, ხოლო 24 აპრილს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, რეჟისორის საიუბილეო საღამო გაიმართება.