პოლ კერნი – კაცი, რომელსაც 40 წლის განმავლობაში არ უძინია

ძილი ჩვენი ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, მის გარეშე, ადამიანი რამდენიმე დღეზე მეტხანს ვერ ძლებს, მაგრამ პოლ კერნის შემთხვევა მეცნიერებისთვის დღემდე ამოუხსნელია – ის 40 წლის განმავლობაში ძილის გარეშე ცხოვრობდა.

პოლ კერნი, უნგრელი ჯარისკაცი იყო და პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, ბრძოლის ველზე დაიჭრა. მას თავში ესროლეს – ტყვია შუბლში მოხვდა და ტვინის წინა ნაწილი დაუზიანა. ეს ჭრილობა სასიკვდილო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის გასაოცრად გადარჩა.

თავდაპირველად, ექიმები ფიქრობდნენ, რომ მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ან მეხსიერებას დაკარგავდა, მაგრამ კერნი გამოჯანმრთელდა – ოღონდ ერთ უცნაურ ცვლილებასთან ერთად: მას აღარ შეეძლო დაძინება.

მას შემდეგ, რაც პოლ კერნი საავადმყოფოდან გაწერეს, აღმოაჩინა, რომ აღარ ეძინებოდა. ექიმები თავდაპირველად არ უჯერებდნენ მას, მაგრამ მდგომარეობა რეალური აღმოჩნდა.

პოლს არ ჰქონდა დაღლილობის შეგრძნება, არ განიცდიდა ძილის დეფიციტით გამოწვეულ ნევროლოგიურ პრობლემებს და მაინც აგრძელებდა ცხოვრებას, თითქოს, ეს ჩვეულებრივი რამ იყო. ერთადერთი ცვლილება, რომელსაც თავად აღნიშნავდა, გახლდათ ის, რომ დღეში მხოლოდ ორი საათი დასვენება ჰყოფნიდა – ამ დროს, უბრალოდ, თვალებს ხუჭავდა და ასვენებდა.

პოლის ტვინი, თითქოს, ისე იყო ადაპტირებული, რომ ძილის გარეშე ფუნქციონირებდა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ბიოლოგიურ კანონებს.

კერნი მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ექიმთან და ნევროლოგთან გადიოდა გამოკვლევებს. ყველა სპეციალისტი ერთხმად ამტკიცებდა, რომ ის უნდა მომკვდარიყო, რადგან ძილი აუცილებელია ტვინის აღდგენისთვის, თუმცა რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა – პოლ კერნი ცოცხალი და აქტიური იყო. ამან უამრავი მკვლევარი გააოცა და დღემდე ამოუხსნელია, როგორ შეძლო ორგანიზმმა ძილის გარეშე გადარჩენა.

პოლ კერნი 1955 წელს, 40 წლის უძილობის შემდეგ გარდაიცვალა.

არსებობს თეორიები, რომ ტყვიამ მისი ტვინის ნაწილი ისე დააზიანა, რომ ძილის საჭიროება, უბრალოდ, „გამორთო“. თუმცა, ეს ჰიპოთეზა ბოლომდე დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები