სოზარ სუბარი ბესიკ ხარძიანის ადვოკატს: ახლა გულწრფელი ხართ, როდესაც ლაპარაკობთ კლიენტის ინტერესზე, თუ შეკრული იყავით იმ მხარესთან და მათ ინტერესებს იცავდით, რომელიც აძალებდა მას ქონების დათმობას?! გვარწმუნებთ იმაში, რომ ამას ვერ მიხვდით?

ადვოკატ, დავით კვაჭანტირაძის გულწრფელობაში შეიტანა ეჭვი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ადვოკატი ირწმუნებოდა, რომ მოქმედებდა კლიენტის, ბესიკ ხარძიანის ინტერესიდან გამომდინარე.

სოზარ სუბარმა წარმოუდგენლად მიიჩნია ციხეში ადვოკატის შესვლა ბზობა დღეს და ეჭვი გამოთქვა, რომ ის მოქმედებდა არა ხარძიანის, არამედ საპირისპირო მხარის ინტერესებიდან.

„სინანული გამოთქვით და ამბობთ, რომ კლიენტის ინტერესი არის მთავარი და ამიტომაც ადვოკატის გვერდის ავლით შედიხართ ციხეში და კლიენტის ინტერესზე ლაპარაკობთ. იცით, რომ მერვე საპყრობილე იყო სასაკლაო და ეს იცოდა საქართველოს ყველა მოქალაქემ, არათუ ადვოკატმა, რომელსაც ხშირად უწევდა იქ შესვლა. სასაკლაო იყო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!

კვირას, ბზობა დღეს, როდესაც ციხეში ჩიტი ვერ შეფრინდება, გირეკავთ არაუფლებამოსილი პირი, გეუბნებათ, რომ წითელი ხალიჩებით დაგხვდებიან და ხელს მოაწერინებთ ყველაფერზე, რასაც გეტყვიან. მაშინ ეჭვი არ გაგიჩნდათ, კლიენტის ინტერესი სად დაინახეთ? ახლა გულწრფელი ხართ, როდესაც ლაპარაკობთ კლიენტის ინტერესზე, თუ შეკრული იყავით იმ მხარესთან და მათ ინტერესებს იცავდით, რომელიც აძალებდა მას (ბესიკ ხარძიანს) ქონების დათმობას?! ვერ მიხვდით ამას და ჩვენ გვარწმუნებთ ამაში, ამას გვიმტკიცებთ?” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კვაჭანტირაძემ თავის მხრივ აღნიშნა, რომ თავის წარმოდგენაში ის სწორედ ასე მოქმედებდა და გიორგი უდესიანის გვარი [პირის, რომელიც აიძულებდა ხარძიანის წილების გადაფორმებას] პირველად სწორედ ციხეში გაიგო.

სწორედ ამ პასუხის გამო შეიტანა კომისიის წევრმა ეჭვი ადვოკატის გულწრფელობაში. „თქვენს წარმოდგენაში? არაუფლებამოსილი პირი გეუბნებათ, რომ შეგიშვებენ ბზობას ციხეში, სადაც არავის უშვებენ და რაზე მელაპარაკებით? ეს არის კლიენტის ინტერესი?” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები