KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში გურიის რეგიონის მოსწავლეები ჩაერთნენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU), საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში, პირველად, გურიის რეგიონის სკოლების მოსწავლეებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. ლექცია თემაზე – „რა არის სამართლიანობა?‘‘ KIU-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ წაიკითხა.

რექტორმა მოსწავლეებს KIU-ში ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობისა და ერთობლივი ხარისხის უნიკალური პროგრამების განხორციელების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ KIU 2025-2026 აკადემიურ წელს ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით ხვდება. მათ შორისაა, ნეაპოლის (იტალია), ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (მედიცინა და დიზაინი) და ბამბერგის (გერმანია) უნივერსიტეტთან(ფსიქოლოგია) ერთად შექმნილი პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებს.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის შემეცნებით საჯარო ლექციას, გურიის რეგიონის სკოლების მე-9 – მე-12 კლასების 200-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ პროექტის სამიზნე აუდიტორია გაფართოვდა. აქამდე KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტში ჩართვა მხოლოდ იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სკოლების მე-9 – მე-12 კლასების მოსწავლეებისთვის იყო შესაძლებელი, ახლა კი, საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექციების მოსმენა, გურიის რეგიონის მოსწავლეებსაც შეუძლიათ. პროექტი ეტაპობრივად კიდევ უფრო გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონის ახალგაზრდებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

მოსწავლეებმა KIU-ში ვიზიტისას ასევე დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ქალაქი, გაეცნენ ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ეკოსისტემას, კომფორტულ და სრულად აღჭურვილ საცხოვრებელ სივრცეს, კაფეტერიას, ბიბლიოთეკასა და საერთო სამუშაო სივრცეებს, რაც მნიშვნელოვანია მაღალი დონის სასწავლო პროცესისა და სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის.

KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობის ხელშეწყობას. ასევე, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებას და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.

აღსანიშნავია, რომ KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი ყოველ ჯერზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს სკოლის მოსწავლეებში. პროექტის ფარგლებში, უკვე ჩატარდა არაერთი საჯარო ლექცია სხვადასხვა თემაზე. ახალგაზრდები ყოველთვის დადებით უკუკავშირს აზიარებენ ლექციების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები