სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. სახელმწიფო მინისტრი ლაგოდეხის მერთან – ჯონდო მდივნიშვილთან, პარლამენტის წევრ, გურამ მაჭარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მოწყობილ ეთნიკურ კუთხეებს ესტუმრა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების, ხელნაკეთი ნივთების, ნახატების, საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების საგამოფენო კუთხეები დაათვალიერა.
მინისტრი ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. თეა ახვლედიანი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო და მკლავჭიდის ტურნირში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ასევე, მინისტრმა ახალგაზრდებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კოცონის ანთების საზეიმო რიტუალში.
„მოხარული ვარ რომ დღეს კახეთის რეგიონში მომეცა შესაძლებლობა, კაბალის თემის ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, აღვნიშნო ნოვრუზ ბაირამი და აქედან მოგილოცოთ ყველას, ძვირფასო თანამოქალაქეებო, ვინც ამ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე დღესასწაულს ზეიმობთ. საქართველო ისტორიულად გამოირჩევა ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით, მდიდარი ტრადიციებითა და კულტურათაშორისი ურთიერთობებით, რომელთა დაცვა და გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში. სწორედ ამის სიმბოლური გამოხატულება და დადასტურებაა ნოვრუზ ბაირამის ერთად აღნიშვნა და ამ დღესასწაულის სიხარულის გაზიარება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
კაბალის თემში ნოვრუზ ბაირამის აღნიშვნა ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.