KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა
KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ გახსნა. რექტორმა, სამეგრელოს რეგიონის სკოლების მოსწავლეებს KIU-ში ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობისა და ერთობლივი ხარისხის უნიკალური პროგრამების განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ KIU 2025-2026 აკადემიურ წელს ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით ხვდება. მათ შორისაა, ნეაპოლის (იტალია) ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (მედიცინა და დიზაინი) და ბამბერგის (გერმანია) უნივერსიტეტთან (ფსიქოლოგია) ერთად შექმნილი პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო აღიარებისა და კარიერული ზრდის განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებს.
საბავშვო უნივერსიტეტის საჯარო ლექცია თემაზე – „როგორ ფიქრობს თქვენი ტელეფონი?“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის ასოცირებულმა პროფესორმა, საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა ია მოსაშვილმა წაიკითხა.
სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე ია მოსაშვილმა განიხილა ტექნოლოგიების როლი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების ფორმირებაში. როგორია ადამიანის ურთიერთობა ციფრულ სისტემებთან, რომლებიც თითქოს „ფიქრობენ“, მაგრამ სინამდვილეში ალგორითმების მიხედვით, ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებენ. პროფესორმა მიაწოდა ახალგაზრდებს ინფორმაცია, თუ როგორ განსაზღვრავენ ციფრული ტექნოლოგიები ადამიანების ქცევებს და გადაწყვეტილებებს.
შემეცნებით საჯარო ლექციას სამეგრელოს რეგიონის სკოლების, მე-9 და მე-12 კლასების 500-მდე მოსწავლე დაესწრო. მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და თავიანთი მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.
„KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, მოსწავლეებში ცნობისმოყვარეობისა და სწავლის სიყვარულის გაღვივებისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ადრეული ასაკიდან გაცნობის ხელშეწყობას. ასევე, კრიტიკული აზროვნების, კრეატიულობისა და სოციალური უნარების განვითარებას და კარიერული ჰორიზონტის გაფართოებას. სალექციო კურსებს კითხულობენ როგორც KIU-ს პროფესორ-მასწავლებლები, ისე მოწვეული ლექტორები.