სკოლის მოსწავლეებთან გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, დედაქალაქის 25 საჯარო სკოლაში ნარჩენების მართვისა და გარემოს დაცვის საკითხებზე საინფორმაციო სესიები ტარდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, V-X კლასის მოსწავლეები ბაზისურ ცოდნას იძენენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების მართვის პოლიტიკა, ეროვნული კანონმდებლობა, საერთაშორისო გამოცდილება, არსებული გამოწვევები, განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები, ასევე, ამ პროცესში საზოგადოების როლი.

მოსწავლეებს ნარჩენებისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე დამზადებული სასაჩუქრე პაკეტებიც გადაეცემათ.

43-ე სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა დაესწრო.

„პრეზენტაციის დროს მოზარდები საჭირო ინფორმაციას იღებენ გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის თემაზე. საინფორმაციო სესიების მიზანია ამ მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება. მსგავსი შეხვედრები 25 საჯარო სკოლაში ჩატარდება და საერთო ჯამში, 750 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მუნიციპალიტეტის ძალებით შეუძლებელია ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული, თუ მოსახლეობაც არ შეგვიწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სკოლის ასაკიდანვე ისწავლონ, რა ტიპის ნარჩენი სად უნდა განათავსონ, რა არის დაშვებული და რა – კანონდარღვევა“, – განაცხადა გიორგი პაპავამ.

პროექტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „თბილსერვის ჯგუფი“ და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (Rec Caucasus) ახორციელებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები