პოლონური ინსტიტუტი თბილისში, „რიჩ არტ ვიზუალსა“ და „გალერეა ვერესთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას – „თამარა დე ლემპიკა: არტდეკოს დედოფალი“

პოლონური ინსტიტუტი თბილისში, „რიჩ არტ ვიზუალსა“ და „გალერეა ვერესთან“ თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას – „თამარა დე ლემპიკა: არტდეკოს დედოფალი“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ეძღვნება, გამოჩენილ პოლონელ მხატვარს, თამარა დე ლემპიკას, რომელიც მსოფლიოში არტდეკოს მიმდინარეობის სიმბოლოდ არის აღიარებული.
,,გამოფენის გახსნის ღონისძიება გაიმართება „გალერეა ვერეში“, ა.წ. 20-27 მარტს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება მხატვრის ყველაზე ცნობილი ნამუშევრები (ორიგინალის ზომის, ოფიციალურად ლიცენზირებული პრინტების სახით), მათ შორის, „ავტოპორტრეტი ანუ თამარა მწვანე ბუგატიში (1929) და „ახალგაზრდა ქალი ხელთათმანებით“ (1930). თამარა დე ლემპიკა 1894 წელს, ვარშავაში დაიბადა. ის პორტრეტული ჟანრისა და არტდეკოს მოძრაობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლი გახლავთ. მისი პორტრეტები ერთდროულად თამამი, მგრძნობიარე და მოდერნისტული ხაზებითა და ქალის ფორმებისადმი უჩვეულო, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მიდგომით გამოირჩევა. ამ უნიკალური სტილის წყალობით, ლემპიკას ნამუშევრები „ჯაზის ეპოქაში“ მოდურობისა და დახვეწილობის სინონიმებად აღიქმებოდა. მის გამომსახველობაში ერთმანეთს ერწყმის მოდერნიზმისათვის დამახასიათებელი სწორხაზოვნება და მაცდური სენსუალობა, რამაც პოლონელი ფერმწერი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სახელმოხვეჭილ არტისტად აქცია.

დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, იხილონ თამარა დე ლემპიკას ცნობილი ნამუშევრები, მათ შორის ის შედევრებიც, რომლებიც ხელოვნების მოყვარულებსა და კოლექციონერებს დღემდე აღაფრთოვანებს. ლემპიკას ვიზუალური ენა ახლაც ისეთივე შთამბეჭდავი და პოპულარულია, როგორც მისსავე ეპოქაში. გამოფენის გახსნის ღონისძიება გაიმართება ა.წ. 20 მარტს, 18:00 საათზე, „გალერეა ვერეში“. ექსპოზიცია – ა.წ. 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. გახსნის ღონისძიებასა და გამოფენაზე დასწრება უფასოა ყველა მსურველისთვის.

გახსნა: 20 მარტი, 2025; 18:00 სთ გამოფენის თარიღები: 20-27 მარტი, 2025

ადგილი: „გალერეა ვერე“, სიმონ ჯანაშიას ქ. 9, თბილისი.

ორგანიზატორი: პოლონური ინსტიტუტი თბილისში დამატებითი ინფორმაციისთვის

დაუკავშირდით: ტელეფონი:+995557676448 ელ.ფოსტა: tsiklauri.mariami@outlook.com”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები