მარკო რუბიოსა და მაიკ უოლცის ერთობლივი განცხადება: ზელენსკიმ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ი მოითხოვა, ტრამპი დათანხმდა, რომ მოიძიებს, რა არის ხელმისაწვდომი ევროპაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, კერძოდ, Patriot-ი მოითხოვა, ტრამპი დათანხმდა, რომ მოიძიებს, რა არის ხელმისაწვდომი ევროპაში, – ამის შესახებ ნათქვამია  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე წაიკითხა.

„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით „ჯაველინის“ რაკეტებისთვის, რომლის მიმწოდებელიც პირველად პრეზიდენტი ტრამპი იყო და მისი ძალისხმევისთვის მშვიდობის მიმართულებით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და აშშ გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასრულებისთვის, და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით შესაძლებელია.

პრეზიდენტმა ტრამპმა სრულად აცნობა პრეზიდენტ ზელენსკის პუტინთან საუბრისა და განხილული მთავარი საკითხების შესახებ. მათ მიმოიხილეს ვითარება კურსკში და შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ გაცვალონ ინფორმაცია თავდაცვის შტაბებს შორის, საბრძოლო ველზე სიტუაციის განვითარების მიხედვით.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები თავისი მოქალაქეების დასაცავად, კონკრეტულად, Patriot-ის სარაკეტო სისტემები და პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა, რომ იმუშავებს მასთან ერთად, რათა გაარკვიოს, რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში. ორივე ლიდერი ასევე შეთანხმდა ნაწილობრივ ცეცხლის შეწყვეტაზე ენერგეტიკის წინააღმდეგ. ტექნიკური გუნდები ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან, სადაც იმსჯელებენ, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზეც, სრულ ცეცხლის შეწყვეტამდე. ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. პრეზიდენტი ზელენსკი მადლიერი იყო პრეზიდენტის ლიდერობისთვის ამ ძალისხმევაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა ცეცხლის სრული შეწყვეტის მისაღწევად“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები