მაია ბითაძე: არავინ იფიქროს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება შეაჩერა – ყველაზე მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეკონომიკურად გამართული და ძლიერი თავის სუვერენიტეტში

აბსოლუტურად სამარცხვინო იყო ის ბოლო რეზოლუცია, რაც ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო. ეს რეალურად არის ძალიან დიდი უცნაურობა, რომელიც აღძრავს კითხვას, რამდენად სუვერენული სახელმწიფოა თვითონ ჩეხეთი და რამდენად ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს პოზიციას საგარეო მიმართულებით, იმიტომ რომ ასეთი ასეთი გაუგებრობა საერთაშორისო ურთიერთობებში არის სამარცხვინო, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე იმ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოს სხვა ქვეყნებთან ამჟამად აქვს.

„რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გადახედვას, ახლა ისეთი პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მთავარი მიზნის მიღწევის პარალელურად, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, რომ ახლა არის ის პერიოდი როცა ჩვენ ვხედავთ გარკვეულ დაპირისპირებას მათ შორის ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ასევე ვიცით ძალიან დიდი მოთამაშეები ამ პლანეტაზე და საქართველო ამ პროცესში არის ყველაზე პატარა, მაგრამ ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, რომლისთვისაც პრაქტიკულად ეს დიდი ძალები ასევე იბრძვიან. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი ახლა უნდა იყოს, ამ სტაბილური, მშვიდობიანი სიტუაციის შენარჩუნება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს და მშვიდი ეკონომიკური განვითარება, იმიტომ რომ კარი ევროკავშირში აუცილებლად გაიღება და არავინ იფიქროს, რომ ქართულ ოცნებას და ჩვენ ხელისუფლებას, როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ერთი დღით მაინც შეუჩერებია ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება. მათ შორის თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მიმდინარე პარლამენტში რამდენ ახალ კანონს მივიღებთ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებისთვის. მაგრამ, პარალელურ რეჟიმში აქტიურად ვზრუნავთ იმისთვის, რომ მეტი ლოჯისტიკური და ეკონომიკური კავშირებით დავამყაროთ სხვა ქვეყნებთან. ახლა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დაინიცირებაზე დაიწყო საუბარი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ასე რომ, არსად არ გვეჩქარება, ევროკავშირში შესვლა ერთ დღეში და ერთ საათში არ ხდება, ეს ძალიან რთული პროცესია და ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არის ის, რომ სახელმწიფო იყოს ეკონომიკურად გამართული და სახელმწიფო იყოს ძლიერი თავის სუვერენიტეტში, თავის საგარეო ხედვებში, პრიორიტეტებში; არ დაივიწყოს თავისი მთავარი მიზანი, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მხოლოდ ამ ეროვნული პრინციპების დაცვით დაველოდოთ იმ დღეს, როდესაც გადაიტვირთება ურთიერთობები მათ შორის ევროკავშირთან, რომელიც აუცილებლად მიხვდება, რომ ასე თვითონ ევროკავშირს შეერყევა საფუძვლები“, – განაცხადა ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები